ევროპის ქვეყნებიდან დეპორტირებულია საქართველოს 63 მოქალაქე

© Sputnik / Alexander Imedashviliმოსაცდელი დარბაზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
მოსაცდელი დარბაზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსახლების პროცესს აკონტროლებენ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტირებულია საქართველოს 63 მოქალაქე, რომლებიც იქ უნებართვოდ ცხოვრობდნენ, აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დეპორტაციის პროცესს თვალს ადევნებდნენ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ისინი 11 ოქტომბერს გაემგზავრნენ ათენისა და ჰანოვერის აეროპორტებში, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა. პროცესს კურირებდა ევროკავშირის საგარეო საზღვრების კონტროლის სააგენტო Frontex.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ნახევარ წელიწადში 1750 ადამიანია დეპორტირებული

"დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმებისა და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები", — აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

იხილეთ ასევე: „წლის დასაწყისიდან საქართველოში 50 ათასამდე ადამიანი აღარ დაბრუნდა" >>

სახალხო დამცველის აპარატში დადებითად აღნიშნეს ასევე საქართველოს შსს-ს მიგრაციის სამსახურის ქმედებები, რომელმაც დეპორტირებულ მოქალაქეებს სატელეფონო ზარის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ეს სისტემური პრობლემის გადაწყვეტა არ არის.

"სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია „ფრონტექსისა“ და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე", — აღნიშნეს სახალხო დამცველის აპარატში.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობა 5 წელში 26 800-მდე ადამიანს მიენიჭა

2017 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში 1 750-ზე მეტი ადამიანია დეპორტირებული. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე დეპორტირებულია თურქეთიდან (874 ადამიანი), მეორე ადგილზეა გერმანია (206), ხოლო მესამეზე — ისრაელი (200).

რუსეთიდან ამ პერიოდში დეპორტირებულია საქართველოს 78 მოქალაქე. მეხუთე ადგილზეა საფრანგეთი — 56 ადამიანი.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. მარტიდან ივლისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ყველა ახალი ამბავი
0