თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში 1 750-ზე მეტი ადამიანია დეპორტირებული, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილი სამართალდარღვევები".
სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე დეპორტირებულია თურქეთიდან (874 ადამიანი), მეორე ადგილზეა გერმანია (206), ხოლო მესამეზე — ისრაელი (200).
რუსეთიდან ამ პერიოდში დეპორტირებულია საქართველოს 78 მოქალაქე. მეხუთე ადგილზეა საფრანგეთი — 56 ადამიანი.
იმ 15 ქვეყანას შორის, საიდანაც საქართველოს სულ მცირე 10 მოქალაქეა დეპორტირებული, არიან: შვედეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ბელგია, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და უკრაინა.
ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. მარტიდან ივლისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.
მსგავსი უვიზო რეჟიმი ასევე მოქმედებს თურქეთთან, ისრაელთან და უკრაინასთან.