თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სახელგანთქმული ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ბიორკი საქართველოში პირველად გამოვა — ის თბილისში ორ სოლო–კონცერტს გამართავს.
ბიორკი საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში გამოვა. შემსრულებელი დედაქალაქში მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით წარდგება.
ბიორკის პირველი კონცერტი 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება, ხოლო მეორე — 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე.
ბილეთები ბიორკის კონცერტებზე ორშაბათიდან გაიყიდება ონლაინ ვებ-გვერდზე tkt.ge, ხოლო სამშაბათიდან — თეატრისა და ფილარმონიის სალაროებში.
უფრო დეტალური ინფორმაცია ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ იხილეთ ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
ბიორკი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი (Björk Guðmundsdóttir) 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში დაიბადა. ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე დაკვრას, ვოკალს. მისმა ხმამ ყურადღება მიიქცია და რადიოში ჩასაწერად მიიწვიეს. 1977 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი, რომლის დიდ ნაწილს პოპულარული ჰიტებისა და ფოლკლორული სიმღერების ქავერ-ვერსიები შეადგენდა.
1986 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი The Sugarcubes, რომელმაც მომღერალს სამშობლოს საზღვრებს გარეთ პოპულარობა მოუტანა.
1993 წელს ჯგუფი დაიშალა. ბიორკი ლონდონში გადავიდა. იქ გაიცნო პროდიუსერი ნელი ჰუპერი და მასთან თანამშრომლობით გამოუშვა სოლო ალბომი Debut. ალბომს მსოფლიო წარმატება ჰქონდა. ამის შემდეგ გამოვიდა მისი სტუდიური ალბომები Homogenic (1997), Vespertine (2001), Medulla (2004), Volta (2007), Biophilia (2011), Vulnicura (2015).
ბიორკის შემოქმედება მრავალ ჟანრსა და სტილს განეკუთვნება. მათ შორისაა ალტერნატიული როკი, ელექტრონიკა, ინდი-პოპი, ტრიპ-ჰოპი, modern classic, IDM.
ბიორკი ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი. 1999 წელს რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო მთავარ როლში ფილმში "სიბნელეში მოცეკვავე". ასევე მომღერალმა დაწერა ფილმისთვის მუსიკა. 2000 წელს კანის ფესტივალზე ფილმმა მთავარი ჯილდო "ოქროს პალმის რტო" მიიღო. ბიორკმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ბიორკის შემოქმედება მრავალი ჯილდოთია აღნიშნული. მათ შორისაა BRIT Awards-ის ოთხი პრემია (1994 — ორი, 1996, 1998), MTV Europe Music Awards-ის პრემია (1995), MTV Video Music Awards-ის ოთხი ჯილდო (1996, 1998, 2000 — ორი), AIM Independent Music Awards (2011), Annie Awards (1997), Polar Music Prize (2010) და სხვა.
ჟურნალმა Time 2015 წელს ბიორკი შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში, კატეგორიაში "კერპები".