თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. 14 ოპოციციონერი აქტივისტის მიმართ 2011 წელს ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი დააკავეს.
საუბარია 2011 წლის მოვლენებზე. იმავე წლის მაისში თბილისში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია იმართებოდა. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი პარლამნენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე იყო.
იმ მიზნით, რომ საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი, 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავებმა დაიწყეს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტებისა და აქციის ორგანიზატორების დევნა. რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ სპეცოპერაციების შედეგად დააკავეს გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი.
მათ ადმინისტრაციული წესით 30 დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული პირები მოათავსეს შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, იზოლატორის უფროსმა შეიმუშავა პატიმრებთან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სქემა.
21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, იზოლატორის უფროსს და კიდევ ერთ თანამშრომელს, პატიმრები საკნებიდან ყოველდღიურად გამოჰყავდათ და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას.
მათ პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ ამ მაისურებით საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.
გარდა ამისა, პატიმრებს ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები. პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა იზოლატორის უფროსი და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას, აცხადებენ პროკურატურაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 144(3)-ე მუხლით („დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
ძველი ხელისუფლების დროს პატიმრების მიმართ მსგავსი მოპყრობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
2012 წელს საპარლამენტო არცევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში „ციხის სკანდალი“ აგორდა. ის გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო. იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
მაშინ ამ ფაქტორმა არჩევნებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა. ამ დროისათვის პატიმართა წამების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემულია 135 საჯარო მოხელე.