თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. საქმე 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს ეხება.
ბურჯანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხეს. სააკაშვილს წაყენებული აქვს ბრალდებები მუხლებით „ძალადობის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტება“ და „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება პირთა ჯგუფის მიერ“, რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
"მე შევხვდი ვალერი გელაშვილს მაშინვე, როგორც კი ეს ამბავი მოხდა, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს, და ნათელი იყო, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ცემის ფაქტი, არამედ სპეცოპერაცია და ამასთან დაკავშირებით მე სააკაშვილთანაც მქონდა საუბარი, რომელსაც ეს არ უარუყვია. მას არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება მან გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა; სააკაშვილმა თქვა, განა არ იყო საცემიო? სააკაშვილი საქმის კურსში იყო მის გარეშე ვერავინ ვერ სცემდა დეპუტატს", — განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
2016 წლის სექტემბერში გელაშვილის ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მერაბიშვილის გარდა, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შსს-ს სოდ-ის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს გია სირაძეს. ორივე საზღვარგარეთ იმყოფება.
საქმიდან სააკაშვილის ნაწილი ცალკე ეპიზოდად განიხილება.
გელაშვილს თავს 2005 წლის ზაფხულში დაესხნენ. მანამდე მასმედიაში გამოჩნდა სტატია, სადაც დეპუტატი სააკაშვილს აკრიტიკებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გელაშვილი სპეცრაზმელებმა სცემეს.
პროკურატურის მონაცემებით, გელაშვილზე თავდასხმა სტატიით აღშფოთებულმა სააკაშვილმა შეუკვეთა.