უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში მსხვილი ინვესტიციებია დაგეგმილი

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა თვის მონაცემებით, საქართველოში ექსპორტი, ფულადი გზავნილები და შემოსავლები ტურიზმიდან ჯამურად 26%-ით გაიზარდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, რაც წაახალისებს ინვესტიციებსა და ეკონომიკურ აქტივობას კერძო სექტორში, განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურაში საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონების მცხოვრებთა და ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"მთავრობის ამბიციაა – საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში გატარდეს უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა, მიწის რეფორმა და სხვა", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა

საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით დადებით ტენდენციაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კაპიტალური ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"სულ 9 თვეში ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 1,9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 395,2 მილიონი ლარით აღემატება. სულ 2017 წელს ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებზე 3 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, დადებითი ტენდენციებია თითქმის ყველა მიმართულებით — საქონლის ექსპორტი რვა თვეში გაიზარდა 29%-ით, ასევე, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები, ხოლო ფულადი გადარიცხვების ზრდამ 22% შეადგინა.

"ჯამში, მიმდინარე ანგარიშის ეს სამი ნაკადი — ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები 931 მლნ აშშ დოლარით, ანუ 26%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო ზრდაა ისტორიულ პერსპექტივაში", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოში 4,3%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარლამენტისთვის წარდგენილ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებს — ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრთან დაკავშირებით შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული — 3,5 პროცენტიდან 4,3 პროცენტამდე გაზარდა. ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი — 4,5 პროცენტი იქნება", — განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ასე საუბრის უფლებას ბიუჯეტის შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების არსებული დინამიკა აძლევს.

საერთაშორისო სავალუტო მისიამ ვიზიტი საქართველოში გუშინ დაასრულა. ვიზიტისას შეისწავლეს ფონდის პროგრამის რეალიზების მსვლელობა საქართველოში. მისიამ მიმდინარე პროგრამის პირველ მიმოხილვას დადებითი დასკვნა დაურთო და დოკუმენტის გატანას განსახილველად 2017 წლის ნოემბერში ფონდის დირექტორთა საბჭოზე აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0