თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოში 2017 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 4,3%-მდე გაზარდა, განაცხადა ორშაბათს ბრიფინგზე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო – სსფ-ის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრული კრიტერიუმი, უმრავლეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით არის შესრულებული.
"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ის 10,4 პროცენტამდე, 2016 წლის 12,8 პროცენტთან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლობისა და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას", – აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა.
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს გონივრული პოლიტიკა და სწრაფი ზრდა სავაჭრო პარტნიორებს შორის.
საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4%-ზეა დაგეგმილი. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში იანვარ–აგვისტოში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7% შეადგინა.
EBRD-ს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2017 წელს 3,9%-ს მიაღწევს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წელს 3,8%-დან 4,2%-მდე გაზარდა, ხოლო 2018 წელს მოსალოდნელია 4,5%-იანი ზრდა.
საქართველოში 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2,2% შეადგინა.