საქართველოს ეკონომიკის ზრდაში კერძო სექტორმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 4%-იან მაჩვენებელს გადააჭარბებს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. 2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-ით გაიზარდა, 2017 წლის მეორე კვარტალში — 4,7%-ით, ხოლო წლის პირველ ნახევარში — 4,9%-ით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" განცხადებაში.

2017 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 3,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდში დეფლატორმა — 5,9%.

ვალუტა - Sputnik საქართველო
ფულადი გადარიცხვები საქართველოში - ლიდერობს რუსეთი

„საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებული წვლილი კერძო სექტორმა შეიტანა. არსებული პოზიტიური ტენდენციები უკვე დაფიქსირდა ბიზნეს-სექტორის მიერ დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლებში", — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.

„შიდა ფაქტორების გარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რეგიონული და გარე ფაქტორები, რაც განსაკუთრებით აისახა საქართველოდან საქონლის ექსპორტისა და მომსახურების ექსპორტის, ასევე ტურიზმის მიმართულებით", — აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი სიტყვებით, 2017 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი 30,1%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი — 26%-ით.

„ამჟამად არსებული როგორც შიდა, ასევე გარე პოზიტიური ფაქტორების წლის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში გვაქვს აბსოლუტურად ობიექტური მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს", — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

2017 წლის მეორე კვარტალში ზრდა დაფიქსირდა სფეროებში: მშენებლობა — 16,4%, სასტუმროები და რესტორნები — 12,9%, სამთომოპოვებითი მრეწველობა — 7,4%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა — 7,2%, ფინანსური მომსახურება — 6,4%, კავშირგაბმულობა — 4,8%, სახელმწიფო მმართველობა — 4,5%.

ყველაზე მეტი ვარდნა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობისა (-2,4%) და ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება–განაწილების (-0,9%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი მოდის შემდეგ სფეროებზე: მრეწველობა — 16,7%, ვაჭრობა — 15,2%, სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა — 9,9%, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა — 9,8%, მშენებლობა — 9,4%, სახელმწიფო მმართველობა — 8,5%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა — 6,0%, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება — 5,8%.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კარგი მუშაობა აღნიშნა. მისი თქმით, ეს კარგი ეკონომიკური მენეჯმენტით არის განპირობებული და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე და მომავალ წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს გადააჭარბებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გადააჭარბებს EBRD-ს მიმდინარე წლის პროგნოზს, რომელიც 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მეტ ზრდას. ვთვლით, რომ საქართველო მომავალ წელსაც გადააჭარბებს პროგნოზს და 4%-ზე მეტ ზრდას აჩვენებს", — აღნიშნა ჩაკრაბარტიმ.

2016 წელს საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2,2% იყო.

ყველა ახალი ამბავი
0