თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 1,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 28,5%-ით აღემატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
იმპორტმა 4,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 7,5%-ით მეტია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის რვა თვეში 12,2%-ით გაიზარდა — მან 6,6 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზაბული ვაჭრობის გარეშე).
„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება უკვე 2016 წლის სექტემბრიდან. თვიდან თვემდე ექსპორტი მზარდია და საგარეო ვაჭრობა ამ არხით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.
მისი თქმით, 2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28,1 მლნ აშშ დოლარით.
„მიმდინარე წლის აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობების (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%) და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი", — აღნიშნა ჯავახაძემ.
დაფიქსირდა ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (32%), სატელეფონო აპარატების (27%) და სამკურნალო საშუალებების (17%) იმპორტის კუთხით, აღნიშნა მან.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას", — ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გასულ კვირაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კარგი მუშაობა აღნიშნა. მისი თქმით, ეს კარგი ეკონომიკური მენეჯმენტით არის განპირობებული.
ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა საქართველო ეკონომიკური პოლიტიკის გამო შეაქო.