თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საკრებულოს შენობაში მომიტინგეთა არ შეშვების გადაწყვეტილება პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესაძლო საფრთხის გამო მიიღო, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასწარ დააანონსა აქცია საკრებულოსთან, რომელსაც სამშაბათს კენჭისყრაზე უნდა დაეყენებინა საკითხი, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიებისათვის ორი მიწის ნაკვეთის — პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე გადაცემის შესახებ.
„იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა, ასევე, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა, გამოეწვია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების თაობაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
მომიტინგეებს შორის იყვნენ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს. ამასთან დაკავშირებით დეპუტატებმა პოლიციელები დაადანაშაულეს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში, რომლის თანახმად პარლამენტარებს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში შეუფერხებლად შესვლა შეუძლიათ.
შსს-ს განცხადებაში საპირისპიროს შესახებ არის ნათქვამი.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა". შესაბამისად, კანონი, რომელიც ამ უფლებას ანიჭებს პარლამენტის წევრს, თავადვე ადგენს შეზღუდვასაც სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარემოებების სასარგებლოდ", — განმარტეს შსს-ში.
შსს-ში „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად".
შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პოლიციაზე თავდასხმისა და პროვოკაციებისგან და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით", — აღნიშნეს უწყებაში.
საკრებულოსთან აქცია დასრულდა. დასრულებულია დაკრებულოს სხდომაც, რომელზეც თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი მერიის გადაწყვერილებას შპს „თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან არსებული ტერიტორიის და შპს „თაბორი რეზორტისთვის" თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის შესახებ. ეს კომპანიები პროექტ "პანორამა თბილისს" ახორციელებენ.
„პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნესცენტრის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორეს მოედანი. ოთხივე ობიექტი ერთმანეთს საბაგირო გზებითა და შუშის ლიფტებით დაუკავშირდება.
ხმაურიანი აზციის დროს დააკავეს რვა ადამიანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატის — თინათინ ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი. იოსელიანი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია.
ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობასა და წვრილ ხულიგნობას გულისხმობს, განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებულთა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.