თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") მეუღლე კოტე იოსელიანი საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ოპოზიციური პარტიის პროტესტი უკავშირდება თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია "თბილისი სითისთვის" სიმბოლურ თანხად — 1 ლარად გადაცემის შესახებ.
აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ და პოლიციას შორის, რომელიც საკრებულოს შენობაში შესასვლელს იცავს, პერიოდულად შეხლა-შემოხლა იმართება.
საქართველოს შსს-ში დაადასტურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ორი ადამიანის დაკავების ფაქტი, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ.
სექტემბრის ბოლოს საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ტერიტორიების სტატუსის შეცვლის თაობაზე — რეკრეაციულიდან ფუნქციურ ზონად, რითიც შესაძლებელი გახდა აღნიშნული მიწის ფართების პრივატიზება პირდაპირი განკარგვის ფორმით.