თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც გასულ კვირაში დაბრუნდნენ სამშობლოში მოსკოვიდან, რუს კოლეგებთან შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ და ნატო ჩხეიძემ რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის დსთ–ის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვთან და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევთან.
„დავაფიქსირეთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ქართველები ჩადიოდნენ სოხუმშიც და ცხინვალშიც, აფხაზები და ოსები კი, ჩადიოდნენ თბილისში. ასევე, კვლავ წამოვწიეთ საფლავების მონახულების საკითხი (საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე). ყოველი ჩვენი სიტყვა ცხადყოფდა, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხი ჩვენთვის უპირველესია. ცხადია, ჩვენ წამოვწიეთ სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისა და სტატუსის თემა, რასაც მოჰყვა ხანმოკლე მსჯელობა. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და საელჩოები მიიღებენ სრულ ინფორმაციას", – განაცხადა მარშან იამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქართველმა დეპუტატებმა აღნიშნეს და რუსი კოლეგები დაეთანხმნენ აზრს, რომ დიალოგი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა და ის აუცილებლად მოიტანს შედეგს.
"რუსეთმა კვლავ დაგვიდასტურა, რომ ხელს შეგვიწყობს სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში და საფლავების მონახულების საკითხშიც. გაკვირვება გამოითქვა, რომ საქართველოს მთავრობა არც ეხმაურება და არც იღწვის პირდაპირი დიალოგისთვის სოხუმსა და ცხინვალთან. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ერთობლივად შევეცდებით გადავჭრათ საფლავების მონახულების საკითხი", – აღნიშნა მან.
მარშანიამ ასევე გაამახვილა ყურადღება ლომიას ვიზიტზე ვაშინგტონში, რომელიც ქართველი დეპუტატის რუსეთში ჩასვლამდე გაიმართა.
„ყველა შეხვედრაზე ვაშინგტონში ამერიკული მხარე ცალსახად აღნიშნავდა, რომ პირდაპირი დიალოგი თბილისსა და მოსკოვს შორის, მძიმე დაპირისპირების პირობებში, აუცილებელია. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უკვირთ, რომ აქამდე არ არსებობს დიალოგი ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის. ამერიკულმა მხარემ მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გაიზიარა და აღნიშნა, რომ ეს, როგორც მინიმუმ, შეამცირებს დაძაბულობას და ახალი შეიარაღებული ქმედებების საფრთხეს", – განაცხადა მარშანიამ.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ახალი პოლიტიკური ფორმატი საქართველო–ნატო–რუსეთი, რომლის ჩამოყალიბების წინადადებით "პატრიოტთა ალიანსი" გამოდის, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუმცა აუცილებელია მუშაობა იმისთვის, რომ მკაფიოდ დავინახოთ და გავაანალიზოთ ამ იდეის ყველა მხარე, აღნიშნა მარშანიამ. პოლიტიკოსის თქმით, ახალმა ფორმატმა უნდა შეიმუშავოს ზომები და გარანტიები, რომლებიც რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოსკოვში შეხვედრებზე საუბარი ასევე მიმდინარეობდა ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნაზე.
ამასთან, რუსულმა მხარემ კვლავ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გამო, განაცხადა მარშანიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში ასევე იყო საუბარი თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაზე.
„აღინიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ კონფერენციას დაესწრებიან ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები, ევროპელი დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რუსი დეპუტატები და სენატორები და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები", – აღნიშნა მან.
კონფერენციაზე საუბარი უნდა შეეხოს უსაფრთხოებას, თავდაუსხმელობის გარანტიასა და საზღვრების უცვლელობას.
„რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, წამოწიოს ყველა კონფლიქტური თემა ან მტკივნეული საკითხი", – განაცხადა მარშანიამ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მოსკოვში შეხვედრებზე სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხებიც დაისვა.
„ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას დიდი ეფექტი ექნება, და აღინიშნა, რომ ცხინვალი–თბილისისა და სოხუმის–თბილისის გზატკეცილების გახსნა სარგებელს მოუტანს თბილისსაც, სოხუმსაცა და ცხინვალსაც. ასევე აღინიშნა, რომ სოხუმი–თბილისის რკინიგზის ამოქმედებას კონფლიქტის მოგვარების საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება", – განაცხადა მან.
მარშანიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულად რა პირობებით უნდა მოხდეს ეს, ამაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ისინი ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან.
ამას გარდა, მარშანიას თქმით, რუსულმა მხარემ 2017 წელს საქართველოში ხანძრების შესახებ აღნიშნა, რომ ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საგანგებო სიტუაციებში.
„შეხვედრებზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციებში სარგებელს მოუტანს საქართველოსაცა და რუსეთსაც".
ბოლო სამ თვეში ქართველი დეპუტატების ეს უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში. ივლისის შუა რიცხვებში ქართველმა ოპოზიციონერებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან გამართეს შეხვედრები და მათთან პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციონერები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 150-დან 6 ადგილი უჭირავთ, რუსეთში საკუთარი ინიციატივით მიდიან.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.