თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მუშაობს იმაზე, რომ ეწვიოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და იქ დე–ფაქტო ხელისუფლებებთან და მოსახლეობას შეხვედრები გამართოს, განუცხადა "Sputnik–საქართველოს" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვგეგმავდით და ვგეგმავთ შეხვედრებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პერსპექტივაში ეს ჩვენს გეგმებში შედის. მინდა დავაზუსტო, რომ ქალბატონი ნინო და ჩვენი დელეგაცია იქ შეხვდება არა მხოლოდ დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებსაც და, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას. ამაზე ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოხდება", – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, დარჩენილია ბევრი კონტაქტი, ნათესაური და მეგობრული კავშირი, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია.
"ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ. თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დიდი კონკრეტიკისგან, რა და როდის მოხდება", – აღნიშნა ბარამიძემ.
ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 2001-2008 წლებში ეკავა. 2008 წლის გაზაფხულზე ის გადადგა. იმავე წლის ნოემბერში ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნდა და შექმნა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო".
ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახით ბურჯანაძე ხშირად სტუმრობს მოსკოვს. წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე მან განაცხადა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებზე იმდენჯერ ჩავა, რამდენიც საჭირო იქნება. როგორც თვითონ აცხადებს, ამის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.