თბილისში მოსკოვთან დიალოგის ახალი ფორმატის საჭიროებას ვერ ხედავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, რუსეთთან დიალოგის მოქმედი ფორმატები მაქსიმალურად ეფექტურად არ გამოიყენება.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის ფორმატები საკმარისია იმისათვის, რომ პროგრესს მივაღწიოთ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტელეარხ  „იმედთან“ (Imedi) ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე ქართველი და რუსი დეპუტატების კონტაქტებს მხარი დაუჭირა და საქართველოსთან დიალოგის ახალი ფორმატებისთვის რუსეთის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ასე შეაფასა მან მოსკოვში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  სამი ქართველი დეპუტატის ვიზიტი, რომლებიც სახელმწიფო დუმის დეპუტატებს  შეხვდნენ და საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე კონტაქტებისთვის მზადაა

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა ახალ ფორმატებზე და რა ახალ ჩარჩოებზეა საუბარი, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად და ეფექტიანად ვერ ვიყენებთ იმ ფორმატს, რომელიც დღეს არსებობს. ამაში მთავარი პრობლემა არის ის პოზიცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს“, — განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის მოადგილე რუსეთთან დიალოგში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობებს პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ხედავს.

ამასთან ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისი მოსკოვს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით დაელაპარაკება.

„ახალო ფორმატების შექმნა ძალიან რთულია. რუსეთის ფედერაციაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა ვილაპარაკოთ. ასეთი ფორმატი უკვე არსებობს — ჟენევის მოლაპარაკებები. არის კიდევ არაფორმალური დიალოგის ფორმატი, ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებზეც შეგვიძლია კონსენსუსს მივაღწიოთ, მაგრამ იქ არ განიხილება პოლიტიკური საკითხები“, — განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველო კონსტრუქციულად არის განწყობილი.

დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
ვოლსკი რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

11 ივლისს რუს დეპუტატებს შეხვდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ფრაქციის წევრი ადა მარშანია და იურიდიულ საკითხთა საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე. ქართველი კოლეგების მხრიდან მათ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურეს.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმის შექმნას საპარლამენტო დონეზე, თუ ასეთი საჭიროება იქნება.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელეს.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ყველა ახალი ამბავი
0