თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმის შექმნას საპარლამენტო დონეზე.
ასეთი კომენტარი გააკეთა ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მოსკოვი რუს და ქართველ დეპუტატებს შორის კონტაქტების მომხრეა და სხვადასხვა დონეზე კონტაქტებისთვის მზად არის. ბოლო დღეებში მოსკოვში გაემგზავრა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი სამი დეპუტატი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებს შეხვდნენ და მათ პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეუთანხმდნენ.
"საქართველოს სახელმწიფო, მისი მთავრობა ძალიან აწონილ-დაწონილ, პრაგმატულ სტრატეგიას ატარებს. აქედან გამომდინარე არის ყველაფერი, რასაც დღემდე მივაღწიეთ… აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე, თუ მესამე ხაზის გახსნა იქნება საჭირო [ჟენევის ფორმატისა და პრაღაში შეხვედრების გარდა] და, თუნდაც, დეპუტატების ურთიერთობა, ამაზეც საფიქრებელია", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუს დეპუტატებთან შეხვედრები გამართეს საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ და ადა მარშანიამ. ისინი კოლეგებმა ამის გამო საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს.
ლომია გამოვიდა წინადადებით, გაიმართოს "სამკუთხედი" შეხვედრები — რუსეთი-ნატო-საქართველო. ასეთი მოლაპარაკებების იდეას მხარი დაუჭირა სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი კალაშნიკოვმა.
ოპოზიციურ პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში 150-დან 6 ადგილი აქვს.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დაასახელეს.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.