თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების კონტაქტები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მხარეები პარლამეტთაშორისი არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
„რაც შეეხება კონტაქტებს დეპუტატებს შორის, ჩვენ მხოლოდ ამის მომხრე ვართ. უფრო მეტიც, მზად ვართ კონტაქტებისთვის სხვა დონეებზეც. ჩვენ გვაქვს არხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრების სახით, რომლებიც მზად არიან სხვა ფორმატებისთვისაც, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება", — განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარება.
„ამაში სასარგებლოს ვხედავთ. უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს და ვეძებოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ მეზობლები ვართ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ისტორიულადაც და დღესაც", — განაცხადა ლავროვმა ბელგიელ კოლეგა დიდიე რეინდერსთან მოლაპარაკებების შემდეგ.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და ასევე აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ტრადიციულად პრაღაში იმართება და გულისხმობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებში მოლაპარაკებებს.
გუშინ 2008 წლის ომის შემდეგ პირველად გაიმართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებთან. მოსკოვში გაემგზავრნენ საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ლომია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია. ისინი კოლეგებმა ამის გამო საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს.
ლომია გამოვიდა წინადადებით, გაიმართოს „სამკუთხედი" შეხვედრები — რუსეთი-ნატო-საქართველო. ასეთი მოლაპარაკებების იდეას მხარი დაუჭირა სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი კალაშნიკოვმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში ექვსი დეპუტატი ჰყავს.