თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი კვლავ რუსეთია — 2017 წლის დასაწყისიდან ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 33,2 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო.
სულ 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 116 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 52,7 მილიონი ბოთლი ღვინო, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
"მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ის, ევროკავშირის, აზიისა და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია", — განაცხადა ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა.
სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებული იყო 33,2 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა.
მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებული იყო 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 44% შეადგინა. უკრაინამ მესამე ადგილი დაიკავა — 5,3 მილიონზე მეტი ღვინო, ზრდა — 54%.
უწყების მონაცემებით, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,4 მილიონამდე ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ფულადი გამოსახულებით ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%ით მეტია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა.