იდეა თავიდანვე თამამი და ამ სიტყვის კარგი გაგებით ცოტათი ავანტიურული იყო: ქართული ვაზის საფრანგეთში ჩატანა და მისი იქ გახარება. ცნობილია, რომ საფრანგეთიც საქართველოსი არ იყოს, ღვინის ქვეყანაა და ფრანგები ქართველებზე არანაკლებ ამაყი ხალხია, მით უფრო, როცა საქმე ვაზს და ღვინოს ეხება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქართველმა მეღვინემ ილია კახოიძემ, ცნობილი კორსიკელი ადვოკატის, მეღვინისა და ბიზნესმენის, ჟერარ ჟერმანის დახმარებით საფრანგეთში ნახევარ ჰექტარ მიწაზე ქართული ჯიშის ვაზი — მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა. ქართულმა ვაზმა უცხო მიწაზე იხარა და პირველი ქართული რთველიც ჩატარდა. აქვე გეტყვით, რომ ამიერიდან ქალაქ ბორდოში არსებული ღვინის მუზეუმის პირველი მოწვეული სტუმარი საქართველოა და ქართულმა ქვევრმა სამუდამოდ დაიდო ბინა საფრანგეთის მუზეუმის შესასვლელში. ილია კახოიძეს საფრანგეთში დავუკავშირდით.
-ბატონო ილია, როგორ გაჩნდა ასეთი თამამი იდეა?
— ეს იდეა ჩემი და ჩემი პარტნიორის, მეღვინისა და ბიზნესმენის, კარგი მეგობრის, ჟერარ ჟერმანის ურთიერთობების დაწყებისთანავე გაჩნდა. მის გარეშე ამ სურვილის საქმით ქცევა შეუძლებელი იქნებოდა.
- ჩვენს მკითხველს ბატონ ჟერარზე მომზადებულ მასალასაც გავაცნობთ, ახლა თქვენ მინდა გკითხოთ: ამ საქმიანობისადმი სიყვარული ალბათ ოჯახური ტრადიციიდან მოდის?
— ჩემი ცხოვრება საფრანგეთამდეც და საფრანგეთშიც რაგბთან იყო დაკავშირებული. მეღვინეობისადმი სიყვარულს რაც შეეხება, ეს ალბათ ყველა ქართველს გენეტიკურად აქვს და გამონაკლისი არც მე ვარ.
რაც თავი მახსოვს, პაპაჩემს და მამას რთველის პერიოდში სულ ვეხმარებოდი. მერე ისე გამიტაცა ამ საქმემ, რომ პროფესიად ავირჩიე და მეღვინეობის სპეციალობაზე ჩავაბარე. 1998 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დავამთავრე. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში მეღვინეობით პროფესიულ დონეზე არ ვყოფილვარ დაკავებული და ამის გამო გული მწყდებოდა. ეს ალბათ საქართვცელოში არსებული იმ რთული პერიოდის ბრალიც იყო.
-კორსიკელი ჟერარ ჟერმანი სად და როგორ გაიცანით?
— ბატონი ჟერარი 2014 წელს გავიცანი. ის კარგად იცნობს ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ხელოვნებას და მისი სურვილი იყო, გამოფენას ქართულ ღვინის თანხლებით ჩაევლო. ერთ დღესაც მაღაზიაში ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტით შევედი. ამ დროს ვხედავ მაღაზიის დირექტორს, რომელიც ჩემკენ მოემართება, ჟერარდის სავიზიტო ბარათს მაძლევს დამეკითხება: რამე ხომ არ დააშავე, ადვოკატი რომ გეძებსო?!.. ასე გავიცანი ეს ადამიანი. თამამად გეტყვით, რომ არ მეგულება უცხოელი, რომელიც ასე კარგად იცნობდეს ჩვენს ქვეყანას და რომელსაც ასე უყვარდეს იგი როგორც მას. ბატონი ჟერარი გვისურვებს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, რათა მერე მათი სხვაგან ძებნა არ დაგვჭირდეს…
- როგორ იხარა ფრანგულ ნიადაგზე ქართული ჯიშის ვაზმა- მუჯურეთულმა და კახურმა მწვანემ?
— გახარებით კარგად იხარა, მაგრამ ახლა მთავარია, ღვინის სახით როგორ შედეგს მივიღებთ.
-ბატონო ილია, რამდენად პოპულარულია ქართული მარანი და ქართული ღვინო ფრანგებს შორის?
— ვინც ნახულობს მარანს ყველა აღფრთოვანებულია და ხვდება, რომ ჩვენი მიზნები სერიოზულია. მარანში რომ შემოდიან, რწმუნდებიან, რომ საქართველო მეღვინეობის აკვანია. ქართული ღვინოც პოპულარული ნელ-ნელა და ნაბიჯ — ნაბიჯ ხდება. სამუშაო ძალიან ბევრია, ეს ერთ და ორ წელში არ იქნება, მაგრამ მჯერა, ქართული ღვინო მსოფლიო ღვინოების გვერდით სათანადო, საპატიო ადგილს დაიკავებს. ჩემი ღრმა რწმენით, ის ამას იმსახურებს.
- როცა ღვინოზეა საუბარია, ფრანგებს ალბათ პირველ რიგში ქვევრში დაყენებული ღვინო მოსწონთ — რადგან ეს უშუალოდ ქართული მოვლენაა და ჩვენი უძველესი ტრადიცია, რა იციან თქვენმა ფრანგმა კოლეგებმა საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე?
— როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ცნობადობა იზრდება, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ბორდოში ღვინის მუზეუმის პირველი მოწვეული სტუმარი საქართველოა და ქართულმა ქვევრმა აქ, მუზეუმის შესასვლელში სამუდამოდ დაიდო ბინა. ეს ჩვენი ერთგვარი აღიარებაა, რაც მისასალმებელია. რა თქმა უნდა ვისაც აინტერესებს ქართული მეთოდის უნიკალურობა და განსხვავებული გემო, ქარვისფერ ღვინოს ყველა სინჯავს. ჩვენი სუფრის ტრადიციებზეც
ყველა სტუმარს ვუყვებით. ისინი აღტაცებული არიან და ჩვენს მონათხრობს ოვაციით ხვდებიან.
- როგორ მოერგო თქვენი ოჯახი ფრანგულ გარემოს?
— მეუღლე ქართველია —მარიანა ვრუბლევსკაია, მას პოლონური ფესვები აქვს. ჩვენ სამი შვილი გვყავს: ანნა-მარია, ალექსანდრე და ანდრია. ახლა მეოთხეს ველოდებით.
- სერგო ზაქარიაძის ცნობილი კინო გმირის მსგავსად უცხო მიწაზე გახარებულ ქართულ ვაზს თქვენც თუ ეფერებით?
— სხვათაშორის, ვეფერები და მეც ვეუბნები: აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო მეთქი?— თუმცა, ჩემს შემთხვევაში- ვიცი, ვინც მოიყვანა და ეს ძალიან მეამაყება… მე ასე მესმის: სადაც ქართული ვაზია- იქ პატარა საქართველოა…