გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ავღანეთში ქართველებმა მრავალი ადამიანი გადაარჩინეს

© FB / Ministry of Defence of Georgiaლევან იზორია და ურსულა ფონ დერ ლაიენი
ლევან იზორია და ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის პირველი მინისტრია, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის პერიოდში საქართველოს ეწვია.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში" (Resolute Support) მონაწილე ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მოგერიებისას ქართველმა სამხედროებმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია. ლაიენმა ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

ლევან იზორია ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე გერმანიაში - Sputnik საქართველო
გერმანიაში ქართველი სამხედროებით ამაყობენ

„ჩვენ არ დავივიწყებთ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართველი სამხედროების დახმარებას, როდესაც მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ექსტრემალური სიტუაციები გვარწმუნებს, რომ ჩვენ თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს", — განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ.

გერმანიის მინისტრმა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონე აღნიშნა, რომლებიც გერმანიაში, დაბა ჰოჰენფელსში მდებარე სამხედრო ბაზაზე რამდენიმე თვის განმავლობაში წვრთნებს გადიან.

„მოხარული ვარ, რომ გერმანიაში ქართველ სამხედროებს შევხვდი, რომლებიც გადამზადების კურს გადიან და რომლებთანაც ჩვენ საიმედო პარტნიორობა გვაკავშირებს. ისინი პროფესიონალი სამხედროები არიან. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება", — განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში 2016 წლის ივნისში გაიხსნა.

„ჩვენ ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) ფარგლებში საერთო გეგმები გვაქვს. თქვენ გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის აკადემიაში იყავით. კარგი იქნებოდა, რომ ამ სკოლებს შორის თანამშრომლობა განვითარდეს. ჩვენ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას", — განაცხადა მან. 

ავღანეთში გერმანიის საკონსულოსთან აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
ტერაქტი მაზარი-შარიფში – ქართველმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს

იზორიამ გერმანელ კოლეგას 30 ივლისი-12 აგვისტოს პერიოდში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017"-ში (Noble Partner) გერმანელი სამხედროების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანელ სამხედროებთან ერთად, წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სლოვაკეთის, სომხეთისა და უკრაინის 2,8 ათასი სამხედრო მონაწილეობდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის პირველი მინისტრია, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის პერიოდში საქართველოს ეწვია. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები უკვე გამართა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ყველა ახალი ამბავი
0