თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე ტერორისტული შეტევა აღკვეთეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა დანაღმული ავტომობილით რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებმა განახორციელეს. პირველი აფეთქება სასტუმრო Mazar Hotel-თან მოხდა, რომელსაც გერმანელი დიპლომატები საკონსულოს შენობად იყენებდნენ, მეორე მძლავრი აფეთქება უკვე შენობაში მოხდა. ამის შემდეგ შენობასთან ქუჩაში სროლები დაიწყო.
„მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთან ტერორისტული აქტი მოხდა… ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის სწრაფი რეაგირების ჯგუფი. მათ შეძლეს საკონსულოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერორისტების შეტევა მოიგერიეს“, — განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
დაშავებულთა შორის გერმანიის საკონსულოს თანამშრომლები, ასევე ქართველი ჯარისკაცები არ არიან.
ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობენ. მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვარს ამოქმედდა.
ტერორისტული შეტევისას დაღუპულთა რიცხვმა კი ექვსს მიაღწია, ხოლო დაახლოებით 128 ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს-პრესზე“ დაყრდნობით.
„თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა იმ ავიადარტყმებზე შურისძიება იყო, რომლებიც აშშ-ის თვითმფრინავებმა ავღანეთის ქუნდუზის პროვინციაში განახორციელეს.
მათი ინფორმაციით, ქუნდუზის პროვინციაში ავიადარტყმები გასულ კვირაში განხორციელდა, რომელსაც, სულ ცოტა, 30 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, 25 კი დაიჭრა. კიდევ ერთი დარტყმა კოალიციის ჯარმა „თალიბანის“ ბოევიკების პოზიციებზე მოახდინა. ამის შედეგად დაიღუპა ორი ამერიკელი ჯარისკაცი.