საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში სამხედროები მოინახულა

© FB / Минобороны Грузииლევან იზორია ავღანეთში
ლევან იზორია ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან იზორია ავღანეთში ქართველ სამხედროებს უახლოეს მომავალში მათი პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, „მარმალის“ ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ (Resolute Support) მონაწილე ქართველი სამხედროები მოინახულა, აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იზორია ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ვოლკერ ვიკერის მიწვევით გაემგზავრა. „მარმალის“ ბაზა გერმანიის შეიარაღებული ძალების სარდლობით იმართება.

„თქვენ აქ იცავთ ჩვენს ქვეყანას, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას, თითოეული ქართველის ოჯახის უსაფრთხოებას და ეს არის, პირველ რიგში, ქართული საქმე. ეს არის თქვენი სიყვარულის გამოხატვა თქვენი სამშობლოს მიმართ და თქვენი პატრიოტიზმის მაღალი დონე. ამისთვის უდიდესი მადლობა. თქვენი აქ ყოფნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის“, — მიმართა იზორიამ ქართულ კონტინგენტს.

ლევან იზორია და იან კელი ქართველ სამხედროებს დახვდნენ - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ

მინისტრი პირადად გაესაუბრა ქართველ სამხედროებს, გაეცნო მათ პრობლემებს და ამ პრობლემების უახლოეს პერიოდში გადაჭრას დაჰპირდა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ჰარტმუტ რენკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და მართვის ცენტრი დაათვალიერებინა.

იზორია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის რანგში, ავღანეთს მეორედ ეწვია.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0