გერმანიაში ქართველი სამხედროებით ამაყობენ

© FB / Министерство обороны Грузииლევან იზორია ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე გერმანიაში
ლევან იზორია ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროები სწავლებას გერმანიაში გადიან. ისინი ავღანეთში წასვლის წინ სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქართველი სამხედროები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და გამოცდილებით, განაცხადა ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების მე-10 სატანკო დივიზიის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რუპრეხტ ფონ ბუტლერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სამი დღით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქართველ სამხედროებს მოინახულებს. სამხედროები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ წვრთნებს გერმანიაში გადიან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ქალაქ ბად-ზალცუნგენში მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას.

„გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები მომზადებას გერმანიაში გადიან. ჩვენ ქართველ სამხედროებს სამჯერ ჩავუტარეთ გადასროლისწინა მომზადება, ეს კი ჩვენთვის უკვე მეოთხე კონტინგენტია. თქვენ შეგიძლიათ ქართველი სამხედროებით იამაყოთ. ისინი ძალიან პროფესიონალი, მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცები არიან და ჩვენთვის ნამდვილად პატივია ქართველი სამხედროების აქ ყოფნა… ჩვენ მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნებით“, — განაცხადა რუპრეხტ ფონ ბუტლერმა.

ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს

III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული გერმანიაში ხუთთვიან სწავლებას გადის. ამ პერიოდში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გადიან ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მომზადებას.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აქ გადიან წვრთნებს, გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და სიმამაცით. მათ ეს მისიის შესრულების დროს დაადასტურეს“, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქართველმა სამხედროებმა 13-კვირიანი მომზადების კურსი საქართველოში, მანავის საწვრთნელ ბაზაზე საქართველო-ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მხარდაჭერით გაიარეს.

III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში ივნისში გამეგზავრება და სამშვიდობო მისიას მაზარი-შარიფში, „მარმალის“ ბაზაზე განახორციელებს.

ქართველი სამხედროები ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უცხადებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს

გარდა III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისა, გერმანიაში, დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის. იზორია მათ მონახულებასაც გეგმავს.

გარდა ამისა, ლევან იზორიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0