თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ლევან იზორიას ავღანეთში, ქართველი სამხედროების მიერ, გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
მაზარი-შარიფში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა, დანაღმული ავტომანქანის საშუალებით, 10 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელეს გერმანიის საკონსულოზე. პირველი აფეთქების შემდეგ სასტუმრო Mazar Hotel-თან, რომელშიც გერმანიის საკონსულოა განთავსებული, მეორე ძლიერი აფეთქება უკვე შენობის შიგნით გაისმა. ადგილზე სწრაფი რეაგირების ქართველი სამხედროების ჯგეფი მივიდა, რომელმაც ტერორისტთა თავდასხმა მოიგერია.
ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ლევან იზორიასთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქართველი სამხედროების ეს ქმედება დასტურია საქართველო-გერმანიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა.
„ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო, გასულ კვირას მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანიის გენერალურ საკონსულოზე განხორციელებული საშინელი თავდასხმის შემდეგ, მინდა ამ გზით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ჯარისკაცების პროფესიული ქმედებისათვის. ქართველი ჯარისკაცებისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების დაუყოვნებელი მოქმედებით, შესაძლებელი გახდა მოვლენების უფრო უარესი განვითარების თავიდან აცილება და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ეს აქტიური ქმედება კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და გერმანიას შორის უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული შესანიშნავი თანამშრომლობისა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც ბევრ წარმატებას მივაღწევთ ამ ერთობლივი მისიის განხორციელებისას“. — ციტირებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის წერილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.