თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის დამსახურებული არტისტი, საცირკო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელი ასკოლდ ზაპაშნი თბილისში მომავალი შოუ UFO. Alien Planet Circus-ის დეტალებზე საუბრობს.
ძმები ზაპაშმების ცირკი თბილისს დიდი ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელიც აზერბაიჯანში დაიწყება, საქართველოში გაგრძელდება და თურქეთში დასრულდება. ამის შემდეგ ზაპაშნების ცირკი მოსკოვში დაბრუნდება.
ვიზიტის ფარგლებში ზაპაშნიმ თბილისის ცირკი დაათვალიერა, მარგამ, როგორც აღმოჩნდა, მსგავსი მასშტაბური შოუს ჩატარების მოთხოვნებს ის არ შეესაბამება. გამოსვლა სპორტის სასახლეში შედგება.
„კლასიკური ცირკის წინააღმდეგ არაფრის ცუდის ან წინააღმდეგობრივის თქმა არ მსურს, მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად განსხვავებული დონის პროდუქტზე ვსაუბრობთ“, — განაცხადა არტისტმა.
საქართველოს დედაქალაქს უმაღლესი დონის 90 არტისტი ეწვევა.
მან გამოთქვა იმედი, რომ შოუ ურთიერთობების ერთგვარი სტარტი გახდება და ის ერთჯერადი არ იქნება, რადგან ცირკს ბევრი სხვა საინტერესო წარმოდგენა აქვს, ცხოველების მონაწილეობის ჩათვლით.
„არც თანამედროვე საქართველოს, არც თანამედროვე რუსეთის ისტორიაში არ მომხდარა ასეთი პრეცედენტი, რომ ასეთი დონის ცირკს, ბრენდირებულ რუსულ ცირკს მსგავსი დიდი შოუ ჩამოეტანოს“, — ხაზგასმით აღნიშნა ზაპაშნიმ.
შოუ-პროგრამა უკვე ნაჩვენებია ევროპაში, დუბაიში, ბულგარეთში, ბელარუსში. ძვირადღირებული კოსტიუმები, მაღალი ხარისხის ტექნიკა და პროფესიონალი არტისტები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტ მაყურებელს იზიდავს.
შოუ UFO. Alien Planet Circus "UFO" — ეს არის ფანტასტიკური საცირკო შოუ, რომლის სიუჟეტი ვითარდება კოსმოსური თეფშის ბორტზე. ხომალდის უნებლიე სტუმარი ხდება ადამიანი დედამიწიდან, რომელიც შორეული გალაქტიკის უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. ხომალდზე მოხვედრისას მძევალი უცხოპლანეტარულ გონებას და შორეულ ცივილიზაციას ეცნობა.
მაყურებელს ელოდება შეხვედრა ბიომექანიკურ არსებებთან, რობოტებთან, ცხოველის მსგავს არსებებთან.
ზაპაშნის თქმით, სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს გამუდმებით დასდევენ. მთელი შოუს განმავლობაში მიმდინარე მოვლენები მაყურებლის დაძაბულ ყურადღებას იპყრობს.
„ეს გასართობი შოუა, ეს არ არის დრამა, საშინელებათა ფილმი, პირველ რიგში ეს გასართობი შოუა, რომელშიც ყველაზე წინ იუმორი დგას“, — აღნიშნა ზაპაშნიმ.
შოუში მონაწილეობას იღებენ განსაკუთრებული პიროვნებები, შშმ პირები. მაგალითად, მოცეკვავე ფეხების გარეშე მაყურებელს საკუთარი შესაძლებლობებით შოკში ჩააგდებს, ასევე 2 მეტრზე მეტი სიმაღლისა და 60 კილოგრამი წონის დები, რომლებიც მართლაც რომ უცხოპლანეტელებს ჰგვანან, გამოტყდა არტისტი.
მოქმედებას თან ახლავს საოცარი ელექტრონული მუსიკა, რომელიც სპეციალურად შოუსთვის დმიტრი კუზნეცოვმა დაწერა. შოუში არის თანამედროვე განათება და ლაზერული ინსტალაციები, ახალი ბგერითი და ვიდეოტექნოლოგიები, რომლებიც მაყურებელს კოსმოსური ფრენის შეგრძნებას მიანიჭებს და სცენას გალაქტიკური პეიზაჟებით აავსებს.
შოუს პრემიერა მოსკოვში 2014 წელს გაიმართა.
ძმები ასკოლდ და ედგარდ ზაპაშნები — მსოფლიოში ცნობილი საცირკო დინასტიის წარმომადგენლები არიან. 2012 წელს ედგარდი მოსკოვის დიდი სახელმწიფო ცირკის გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო ასკოლდი — სამხატვრო ხელმძღვანელი.