ამერიკული „ძმები რინგლინგების“ ქართველი აკრობატი, ანუ ცხოვრება ცირკია

© FB/ Zviad Khutsishviliზვიად ხუციშვილი
ზვიად ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ზვიად ხუციშვილს გაგაცნობთ, რომელიც ერთ დროს საზოგადოებას თავისი აკრობატული ნომრებით აოცებდა, დღეს კი ფილადელფიაში ცხოვრობს. საცირკო წარმოდგენებისა და ძველი ამბების გასახსენებლად ბატონ ზვიადს ფილადელფიაში დავუკავშირდით.

ოთხი წლის იყო, ცირკი პირველად რომ ნახა და ამ სამყაროთი მაშინვე მოიხიბლა. აკრობატიკაზე სიარული რვა წლის ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით ზვიად ხუციშვილმა ეს ორი გატაცება ერთმანეთს შეუთავსა და მოსკოვის ცირკში საკუთარი ორიგინალური აკრობატული ნომრით გამოვიდა. არენაზე ცირკის ისეთ ცოცხალ ლეგენდასთან ერთად მოუწია გამოსვლა, როგორიც ტერეზა დუროვაა. 1998 წელს ჩავიდა ამერიკაში, სადაც ადგილობრივმა ლეგენდარულმა ცირკმა „ძმები რინგლინგები“ კონტრაქტი გაუფორმა. მაყურებლის წინაშე წარდგა ნიუ-იორკის „მედისონ სკვერ-გარდენის“ დარბაზში. ამჟამად სხვა, უფრო პრაგმატულ სფეროში გადაინაცვლა და ამერიკაში მეგობართან ერთად გახსნა კომპანია D&Z, რომელიც ავტომობილების გადაზიდვითაა დაკავებული. საცირკო წარმოდგენებისა და ძველი ამბების გასახსენებლად ბატონ ზვიადს ფილადელფიაში დავუკავშირდით. 

© FB/ Jerry Williamsზვიად ხუციშვილი
ზვიად ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ზვიად ხუციშვილი

– ბატონო ზვიად, გახსოვთ ბავშვობაში ცირკში მიღებული პირველი შთაბეჭდილება? 

— პირველად ცირკში რომ მოვხვდი, 3-4 წლის ვიქნებოდი, იმ დღიდან ეს საოცარი და ზღაპრული სამყარო ჩემი საყვარელი ადგილი გახდა. თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შეიძლებოდა ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი.

– საცირკო ხელოვნებაში სპორტიდან მოხვედით, მოსკოვის ცირკში ვინ გაგიკვალათ გზა?

— აკრობატიკაზე რვა წლიდან დავდიოდი. ეს სპორტის ძალიან ლამაზი და ამავდროულად საკმაოდ რთული სახეობაა. კარგი შედეგებიც მქონდა და საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ვიყავი. როდესაც ჩვენთან ომი და არეულობები დაიწყო, სპორტი ვიღას ახსოვდა… სამწუხარო იყო, რომ ამდენი წლის შრომა წყალში იყრებოდა. ამ პერიოდში მოსკოვიდან ჩამოვიდა მაშინ უკვე მოსკოვის ცირკის არტისტი და უძლიერესი სპორტსმენი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბატუტზე ხტომაში ზაზა აბრამაშვილი, რომელმაც შემომთავაზა, რომ ჩემი ძალები ცირკში მომესინჯა. იმ დროს თბილისის ცირკი არ ფუნქციონირებდა და გადავწყვიტე ზაზას მოსკოვში გავყოლოდი. ზაზა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ნიკულინის ცირკში მოეწყო და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. იგი უძლიერესი იყო როგორც სპორტში, ასევე ცირკში. ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი ჰქონდა – კალათბურთი ბატუტზე. ალბათ, იცით, ადვილი არაა ცირკში მოხვედრა. საცირკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გამოცდებია ჩასაბარებელი და ამის მერე ან მოხვდები ნომერში, ან ვერა. საქართველოში აკრობატიკის ძალიან ძლიერი სკოლა გვაქვს და ამდენი წლის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. აკრობატულ ნომერში პირდაპირ ამიყვანეს. პირველი გამოსვლის დროს ძალიან ვნერვიულობდი. მთელი წარმოდგენა ისე ვიმუშავე, რომ სავსე დარბაზში ვერც ერთი ადამიანი ვერ დავინახე, შემდეგ წარმოდგენაზე უფრო ბევრი მაყურებელი გამოჩნდა.  

© FB/ Zviad Khutsishviliზვიად ხუციშვილი
ზვიად ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ზვიად ხუციშვილი

– ამ სფეროს რომელ გამოჩენილ პიროვნებასთან ერთად მოგიწიათ არენაზე გამოსვლა?

— მოსკოვის ცირკში ბევრ ლეგენდარულ არტისტთან მომიწია მუშაობა, ერთ-ერთ ქალაქში ცირკის ცოცხალ ლეგენდასთან ტერეზა დუროვასთან ერთად ვიმუშავე. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. 

– ყველაზე წარმატებული ნომერი და წარმოდგენა გაიხსენეთ…

— ყველაზე წარმატებული ჩემთვის აკრობატ ვოვა სელიაგინთან ერთად არენაზე გამოსვლა იყო. ამ ნომრით უნდა გვემუშავა ნიკულინის ცირკში. საერთოდ ნიკულინის ცირკში ყოველთვის საუკეთესო ნომრები აქვთ, მაგრამ ამერიკაში გადასვლა შემოგვთავაზეს და რადგან ამერიკა უფრო კარგ და გრძელვადიან კონტრაქტს გვთავაზობდა, არჩევანიც ამიტომ გავაკეთეთ.   

© FB/ Zviad Khutsishviliზვიად ხუციშვილი
ზვიად ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ზვიად ხუციშვილი

– ცირკი იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ადამიანის პარტნიორი ხშირად ცხოველია, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათთან?

— თავიდან ეს უჩვეულო იყო, მაგრამ დღეს უკვე ბევრ ცხოველს დავუახლოვდი. მათგან ყველაზე საყვარელი ცხოველი სპილო აღმოჩნდა, ის ძაღლზე და ცხენზე უფრო ჭკვიანი და კეთილია. პატარა რომ იყოს, ნამდვილად ვიყოლიებდი. ცხოველებზე გამახსენდა: პირველად რომ ჩავედი რუსეთში, ცირკში წარმოდგენის შემდეგ ტექნიკური პერსონალი და არტისტები შეიკრიბნენ ლუდის დასალევად და მეც დამიძახეს. ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა ერთი მათგანი და თქვა, რომ ვასიას მოიყვანს, ლუდი ძალიან უყვარსო. ცირკში ერთი კვირის მისული ვიყავი და არაფერი ვიცოდი იქ რა ხდებოდა. ცოტა ხანში ეს ბიჭი შემოდის და შემოჰყავს ცოცხალი დათვი ვასია, რომელიც პირდაპირ გვერდით დამისვა. ლამის ხმა ჩამიწყდა, ვიძახი, ეს სად ჩამოვედი, რა მინდოდა ცირკში, დათვთან ერთად თუ დავლევდი ლუდს, ამას რას ვიფიქრებდი?! ვასიამ ორი ბოთლი ლუდი მიირთვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. შემდეგ დიდი ხანი ვაანალიზებდი, რა მოხდა იმ ოთახში. 

– როდის გაგიფორმეს ამერიკის ცირკში კონტრაქტი?

— ამერიკაში 1998 წელს ჩამოვედით. მაშინ ორწლიანი კონტრაქტი გაგვიფორმეს. ჩვენი ნომრით მიგვიწვია ამერიკის ლეგენდარულმა ცირკმა „ძმები რინგლინგები“. აქ მოხვედრა ცირკის სამყაროში დიდ წარმატებად ითვლება. ეს ცირკი 130 წლისაა, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ დახურულა. მისი ყველა წარმოდგენა წარმატებულია და თუ მაყურებელს მოეწონა შენი გამოსვლა, აპლოდისმენტებით გამკობს. ჩემი ამერიკული გამოსვლებიდან ამერიკის N1 დარბაზში, ნიუ-იორკის „მედისონ სკვერ-გარდენში“ გამოსვლას გამოვყოფდი. აქ ვარსკვლავების კონცერტები და კალათბურთსა და ჰოკეიში უმაღლესი ლიგის თამაშები იმართება. 

© FB/ Zviad Khutsishviliზვიად ხუციშვილი
ზვიად ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ზვიად ხუციშვილი

– ცირკი მხიარულების გარეშე წარმოუდგენელია და ამგვარი შემთხვევები ალბათ ბევრი გახსოვთ…

— ერთხელ ამერიკაში ცხოველები მატარებლით გადაგვყავდა. ყოფილა შემთხვევა, რომ, მაგალითად, კალიფორნიაში გადასვლისას ოთხი დღე გვივლია. დიდ გზაზე ყოველთვის ვჩერდებოდით და სადმე ყანაში ან სოფელში სპილოები სასეირნოდ გაჰყავდათ. ერთხელაც გამოყვანილი სპილოები რაღაცამ დააფრთხო და 13 სპილოდან ხუთი იქვე მდებარე სოფლისკენ გაიქცა. ეს საშინელება იყო იმ სოფლის მოსახლეობისთვის — რას ხედავენ?! შუა ამერიკაში მორბიან სპილოები, თან ერთი კი არა, ხუთი! ისინი როგორც ფილმებში, ისე გარბოდნენ. ჩვენ კი გვეცინებოდა, მაგრამ რა ხდებოდა იმ სოფლის მცხოვრებლების თავებში, ვინ იცის? შემდეგ პოლიცია მოვიდა, თუმცა რას იზამდნენ, სპილოს დაჭერა ადვილი საქმე არ არის. ბოლოს, როგორც იქნა, სპილოები ერთად შევკრიბეთ და გზა გავაგრძელეთ.  

– გავიგე, რომ მომღერალ ლაშა ღლონტს იუმორისტული სიურპრიზი მოუმზადეთ… 

— ყველა იცნობს ლაშას, რომელიც იშვიათი ადამიანია, ყველასათვის საყვარელი, ყველას მეგობარი, მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა და ჩემი უფროსი ძმაც არის. ლაშა, როგორც იცით, ბაბუა გახდა და მინდოდა მისთვის რამე ორიგინალური საჩუქარი გამეგზავნა. სტანდარტული არაფერი მიყვარს, ამიტომ ასეთი იდეა მომივიდა: გავაკეთე სათამაშო დათვი, რომელიც ლაშას ხმით მის სიმღერას მღერის. ისე ამ თემაზე კიდევ უნდა ვიმუშაოთ, გამოვუშვათ თოჯინები ლაშას სიმღერებს რომ მღერიან, მგონი, გადასარევი საჩუქარი იქნება…

– თქვენ როგორ გესმით გამოთქმა — „ცხოვრება ცირკია“?

— ცხოვრება ცირკია, რადგან არასოდეს იცი, რას გიმზადებს ის, ისეთივე მოულოდნელია, როგორც ცირკი. არ იცი, რას და ვის ნახავ, სად და როდის. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველა ერთი დიდი წარმოდგენის მონაწილეები ვართ…

ყველა ახალი ამბავი
0