თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტში კარგი ტენდენციაა ის, რომ მიმდინარე ხარჯები მშპ-ს მიმართ მცირდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა.
„2017 წელს მიმდინარე ხარჯები: ხელფასები, პრემიები, დანამატები, სამინისტროების მიერ შეძენილი ავეჯი თუ ინვენტარი და ა.შ. მშპ-ს 24,8% შეადგენდა, ხოლო 2018 წელს ეს არის 23,3%, რაც დადებით ტენდენციას წარმოადგენს", — აღნიშნა ლევან ქისტაურმა.
ლევან ქისტაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროქტში კიდევ ერთ დადებით მომენტს ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება წარმოადგენს.
„მთლიანობაში მე პოზიტიურად მიმაჩნია, რომ აქცენტი უფრო მეტად კაპიტალურ ხარჯებზეა გადატანილი. მაგალითად, წინა წელთან შედარებით იმავე ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაახლოებით 570 მლნ ლარით ეზრდება დაფინანსება და ესეც საკმაოდ დადებითი მომენტია", — აღნიშნა ლევან ქისტაურმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მომავალი წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროქტში მშპ 4,5%-ით არის განსაზღვრული. ლევან ქისტაურის აზრით, ეს მაჩვენებელი შეიძლებოდა უფრო მაღალი ყოფილიყო, რადგან 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ქვეყანას უკვე მიმდინარე წელს ექნება.
თუმცა როგორიც არ უნდა იყოს პარლამენტში 2 ოქტომბერს შესული კანონპროექტი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე დოკუმენტი შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
„ამ პროექტზეც მაქვს იმის განცდა, რომ წლის ბოლოსთვის საკმაოდ განსხვავებული დოკუმენტი გვექნება, რაც პრინციპში სწორი არ არის", — მიაჩნია ლევან ქისტაურს.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს.
მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.
პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 111,2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 მლნ ლარს შეადგენს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 463,2 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის — 982,8 მლნ ლარამდე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 572 მილიონი ლარით იზრდება და 1 830 მლნ ლარს შეადგენს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კი 2017 წელთან შედარებით 62,6 მლნ ლარით იზრდება და 1 178 770 ათასი ლარი იქნება.