თბილისი, 2 — Sputnik. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს ოფიციალურად წარედგინა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165,0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 12 298 მლნ ლარს შეადგენს.
მომავალ წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.
პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 111,2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 მლნ ლარს შეადგენს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 463,2 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის — 982,8 მლნ ლარამდე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 572 მილიონი ლარით იზრდება და 1 830 მლნ ლარს შეადგენს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კი 2017 წელთან შედარებით 62,6 მლნ ლარით იზრდება და 1 178 770 ათასი ლარი იქნება.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროებს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული უწყებების დაფინანსება მცირდება.
კერძოდ: თუ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს 702 მილიონი ლარი იქნება.
2017 წელს 370,5 მლნ ლარით დაფინანსებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 116 მლნ ლარით მცირდება და უწყება 2018 წელს 253,8 მლნ ლარს მიიღებს.
დაახლოებით ერთი მილიონი ლარით მცირდება ენეგრეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი, კერძოდ, თუ 2017 წელს მისი დაფინანსება 132,3 მლნ ლარი იყო, 2018 წელს 131 ლარი იქნება.
2018 წელს უცვლელი რჩება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება და ის 82,3 მლნ ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, 2018 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ით განისაზღვრა.