თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მოქალაქეები ენდობიან საარჩევნო პროცესს, აღნიშნულია აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში.
ანგარიში მოიცავს 29 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.
"საქართველო21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ძირითადად მშვიდ ვითარებაში უახლოვდება. პოლიტიკური გარემო ხასიათდება პლურალიზმით და ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს ატარებს", — ნათქვამია ანგარიშში.
NDI-ს მონაცემებით, ქვეყნის მოქალაქეები ენდობიან საარჩევნო პროცესებს და მიიჩნევენ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო, კარგად ორგანიზებული და ზეწოლისგან თავისუფალი იყო. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს ელექტორული პროცესი საქართველოს საიმედო არჩევნების ჩატარების პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობას აძლევს.
ასევე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო რბოლაში ჯერჯერობით ნაკლები დებატები იმართება. მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" მთელი შემოწირულობის 95% მიიღო და ფართო სარეკლამო კამპანიას ეწევა.
მიუხედავად უპირატესად მშვიდი წინასაარჩევნო კამპანიისა, NDI-მ უყურადღებოდ არ დატოვა მარნეულსა და ხობში აგვისტოში და სექტემბერში მომხდარი ინციდენტები.
ორივე შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ოპოზიციური პარტიის "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" წევრები გახდნენ.
ოპოზიციონერები საუბრობენ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტიის წევრები აშინებენ ამომრჩეველს და ცესკოს წევრებს მიკერძოებულად ნიშნავენ.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ საჩივრების ფორმალური წარდგენისგან. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად სამხილების მოპოვებისთვის სათანადო რესურსები არ გააჩნიათ.
"მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გამოიყენონ ძალისხმევა ძალადობაში დამნაშავეების სწრაფი და მიუკერძოებელი დასჯისთვის და გამოავლინონ ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი ტიპის ძალადობის მიმართ", — ნათქვამია ანგარიშში.
NDI-ს დელეგაცია თბილისში წინასაარჩევნო გარემოს დაკვირვების მიზნით ივლისში ჩამოვიდა.
NDI-ს მონიტორინგის მისიას აფინანსებს დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდი (NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).