თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო სუბიექტების — პარტიებისა და ბლოკების ნომრები გაანაწილა. ისინი 21 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ამ ნომრებით მიიღებენ.
ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ დაარეგისტრირა 35 პარტია, აქედან 11 ხუთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა.
კენჭისყრაში მონაწილეობდა 15 პარტია და ბლოკი. დანარჩენებს, რომლებიც ბოლო არჩევნებში მონაწილეობდნენ, წინა არჩევნებზე მიღებული ნომრები დარჩათ.
ამგვარად, პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" შეინარჩუნა ნომერი 41, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 5.
პარტიამ „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ბლოკში პარტიასთან „ახალი საქართველო — პოლიტიკური პლატფორმა" მიიღო ნომერი 2.
„ლეიბორისტულმა პარტიამ" დაიტოვა ნომერი 10, ასევე საპარლამენტო პარტიამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" — 8.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა კენჭისყრით მიიღო ნომერი 42.