წულუკიანი გმობს პარტიებისათვის ხმების მოპოვების მიზნით ყურანზე დაფიცების ფაქტებს

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საჯარო პირების მიერ პარტიული აგიტაციისათვის გამოყენებულ დაუშვებელ მეთოდებზე ისაუბრა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, არ გამოიყენონ პირადი Facebook-გვერდი პოლიტიკური აგიტაციისთვის.

„მე კიდევ ერთხელ მინდა ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდო, პირადი Facebook-გვერდი არ გამოიყენონ აგიტაციისთვის, განსაკუთრებით სამუშაო დროს. ჩვენ დღეს გამოვეცით ამ თემაზე რეკომენდაცია", – განაცხადა თეა წულუკიანმა ორშაბათს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

იუსტიციის მინისტრმა მოიყვანა ყვარლის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მაგალითი, რომელიც თავის Facebook-გვერდს პოლიტიკური აგიტაციისთვის იყენებდა.

„ეს არის დაუშვებელი, რადგან ქმნის მისდამი დაქვემდებარებული პირებისთვის პირდაპირ ინსტრუქციას, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი", – თქვა მინისტრმა.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
კალაძის სელფები, ინაშვილის მუხტი, რესპუბლიკელთა არჩევანი და „გუგავა მოვა“...

თეა წულუკიანის თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და ამა თუ იმ პარტიის დროშები შეაქვს საკლასო ოთახში, ან გამგებლის მოადგილეებს არ ესმით, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათ ეკრძალებათ იგივე პოლიტიკური ქმედებები, რაც ნებადართულია გამგებლისთვის.

„პრობლემად რჩება ის, რომ, მაგალითად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი ადამიანი ბედავს (მე სხვა სიტყვას არ გამოვიყენებ) და ჩვენს თანამოქალაქეებს აფიცებს ყურანზე, რომ ხმას მისცემენ ამა თუ იმ პარტიას. ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება", — განაცხადა თეა წულუკიანმა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის მეშვიდე სხდომა დღეს გაიმართა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ არჩევნებისთვის პირველი ბლოკები დაარეგისტრირა

კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 30 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით კომისიის სახელზე ელექტრონული ფოსტისა და იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის მეშვეობით ჯამში 43 განცხადება შევიდა. საანგარიშო პერიოდში მედიამონიტორინგის შედეგად და სამდივნოში სხვა წყაროებიდან წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე პროკურატურის ზედამხედველობით სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე; მათ შორის, სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა − 1 ფაქტი); სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა − 6 ფაქტი); სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება − 3 ფაქტი) და 333-ე მუხლით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება − 1 ფაქტი). აქედან ერთ საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 10 საქმეზე.

ყველა ახალი ამბავი
0