თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმსაციით, მშენებარე კორპუსში მესამე სართულის იატაკი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ხუთი მუშა დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხუთივე დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, მუშების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდა. იქ დაგვხვდა ხუთი დაშავებული, რომლებიც გადავიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასა და "მედინაში". მათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი დათვალიერებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", — განაცხადა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას კომპანია „ალიანს პალასი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები და დასაქმებულები შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ბოლო დროს საქართველოში მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვმა იმატა. ივლისის ბოლოს თბილისში მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 27 წლის მუშა გადმოვარდა. ამ ინციდენტის შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გაუცხადა, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რადგან სამშენებლო კომპანიები ხშირად დაუდევრად იქცევიან.
სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების თემა საქართველოში ძალზე აქტუალურია. ივნისის ბოლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შეიმუშავეს ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სავალდებულო წესების შემოღებას ითვალისწინებს.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი.