თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 30 სექტემბერიდან — 1 ოქტომბრის ჩათვლით, მეიდანზე, გაიმართება საკვირაო ბაზრობა, იუწყება სააგენტოს Facebook-გვერდი.
ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
ღონისძიებას შაბათს 13:00 საათზე გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მარიანა მორგოშია.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა — სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ.
„ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიება განხორციელდება სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით, აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს შემადგენლობაში შევიდა უამრავი პროექტი, მათ შორის, „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო".
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება.