თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე წლის ზაფხულში მიღებული სერვისით და მომსახურებით გამოკითხულ ვიზიტორთა 84% კმაყოფილია, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ წარადგინა კვლევის შედეგები იმის შესახებ, რამდენად კმაყოფილები არიან ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობით.
ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი — 88% აუცილებლად ურჩევს მეგობრებს ეწვიონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. გამოკითხულთა 68,8% მომუშავე პერსონალის ვიზიტორისადმი დამოკიდებულებას ძალიან მეგობრულად აფასებს. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას, თავს დაცულად 88,3% გრძნობს.
კვლევის ფარგლებში, გამოკითხულმა ვიზიტორებმა საკუთარი იდეებიც დაასახელეს, იმასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიები სტუმრებისთვის მეტად მიმზიდველი როგორ შეიძლება გამხდარიყო. კვლევის მონაწილეები ძირითადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, დასასვენებელი ობიექტების გაფართოვებას და საკვები პუნქტების გახსნას ისურვებდნენ.
კვლევა სამ დაცულ ტერიტორიაზე — მარტვილის კანიონზე და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში, 2017 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.
სულ გამოკითხა 238 დამთვალიერებელი, რომელთა 43,2% ქართველი ვიზიტორი იყო, ხოლო 56,8% — უცხოელი.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მსგავს კვლევას პერიოდულად ატარებს იმის დასადგენად, რამდენად კმაყოფილები არიან ვიზიტორები ქვეყნის პოპულარული ადგილების სტუმრობით.
კვლევა ჩაატარა "მონაცემთა კვლევის ჯგუფმა", რომელიც დიდი გამოცდილების მქონე მკვლევარებს აერთიანებს, რომელთა კვლევებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პერიოდულად ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერეო გამოცემებში.
იანვრიდან აგვისტომდე ნაკრძალების და ეროვნული პარკების დამთვალიერებლებისგან მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მილიონ დოლარს მიაღწია.
2017 წლის იანვრიდან 10 სექტემბრამდე ნაკრძალები, აღკვეთიელბი და ეროვნული პარკები 780 400-მა სტუმარმა მოინახულა. შედარებისათვის, მთელი 2016 წლის განმავლობაში საქართველოს დაცული ტერიტორიები 724 900-მა ვიზიტორმა დაათვალიერა.