თბილისი, 23 ივლისი-Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ლიკანის პარკს ეროვნულის სტატუსი მიანიჭოს და ამით პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქციოს.
ლიკანი ცნობილ საკურორტო ქალაქ ბორჯომში, თბილისიდან 160 კილომეტრში მდებარეობს. იგი XIX საუკუნეში, რომანოვების სასახლის გარშემო განაშენიანდა. საერთო ფართობი 45 ჰექტარია, აქედან 16 ჰექტარი ტყეა, ხოლო 3 ჰექტარი ბაღი.
„ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ვფიქრობ, ეროვნულ კატეგორიაში გადაყვანით უფრო გავამყარებთ მის სტატუსს.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ლიკანი-ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისთვის და აქ სამუშაო ადგილების შექმნისთვის“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. მხოლოდ ექვსი თვის მანძილზე ქვეყანას 3 მილიონ ტურისტზე მეტი ეწვია, რაც 13% აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. ამასთან ტურიზმიდან შემოსული თანხა 26,2% გაიზარდა.
დღეს საქართველოში 11 ეროვნული პარკია: ალგეთის, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის, თბილისის, თუშეთის, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, ფშავ-ხევსურეთის, ყაზბეგისა და ჯავახეთის.
2016 წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომანოვების სასახლის მუზეუმად გადაკეთება. ამ მიზნით სასახლე (ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია)და მიმდებარე ტერიტორია 25 წლით მმართველობაში გადაეცა სახელმწიფო საპარტნიორო ფონდს. სარემონტო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
რომანოვების სასახლე- მავრიტანულ სტილში აგებული ვილა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ააშენეს დიდი თავადის ნიკოლაი მიხაილოვიჩისთვის 1892-95 წლებში მდინარე მტკვრის ნაპირზე ლიკანში (ბორჯომის ტერიტორია). შენობის ავტორია ცნობილი არქიტექტორი ლეონტიი ბენუა.
საბჭოთა პერიოდში რომანოვების სასახლე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, სადაც ხშირად ისვენებდნენ ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იოსებ სტალინი.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სასახლე პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციად იქცა.