თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა სწრაფად იზრდება — რვა თვის მონაცემებმა გასული წლების წლიურ მაჩვენებლებს გადააჭარბა.
2017 წლის იანვრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ნაკრძალები, აღკვეთილები, ეროვნული პარკები 780 400-ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა. შედარებისთვის, მთელი 2016 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 724 900 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
გაიზარდა როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა. იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაცული ტერიტორიები 423 500-მა ადგილობრივმა და 302 800-მა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა.
2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ადგილობრივი დამთვალიერებლების რიცხვი 28%-ით გაიზარდა, უცხოელების — 38%-ით.
დამთვალიერებელთა რაოდენობით ლიდერობს პრომეთეს მღვიმე (125 900-ზე მეტი სტუმარი). შემდეგ პოპულარობით მოდის მარტვილის კანიონი (120 400-ზე მეტი ვიზიტორი), ყაზბეგის ეროვნული პარკი (112 500-ზე მეტი ვიზიტორი), სათაფლია (71 900-მდე ადამიანი) და ოკაცეს კანიონი (57 400).
რვა თვეში დაცულმა ტერიტორიებმა დაახლოებით 3 მილიონი ლარი "გამოიმუშავეს", რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით მეტია.