Sputnik-მა საქართველოს უნიკალური ადგილების ტოპ-ათეული შეადგინა, რომლებიც მრავალ გეოგრაფიულ რეკორდს ხსნის.
1. საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი
მწვერვალი შხარა, რომელიც მთავარი კავკასიური ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, საქართველოს ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს. გეოგრაფები და ალპინისტები მას „სვანეთის ალპებს“ უწოდებენ. მთა მყინვარებითა და თოვლით არის დაფარული. უკანასკნელი მონაცემებით, შხარას სიმაღლე 5201 მეტრია.
მთა სვანეთში მდებარეობს. სახელწოდება „შხარა“ სვანური წარმოშობისაა და „თეთრ ზოლს“ ნიშნავს. შხარას სამხრეთი კალთების ძირას, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მესტიის რაიონის სოფელი უშგული მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. შხარა არა მარტო საქართველოს მთავარი მწვერვალია, ის ასევე რუსეთის სიმაღლით მესამე მთაა. ეს იმით აიხსნება, რომ მთა ორი სახელმწიფოს საზღვარზე მდებარეობს და რამდენიმე მწვერვალს მოიცავს.
პირველად შხარა 1888 წელს ინგლისელმა და შვედმა ალპინისტებმა დაიპყრეს. საუკეთესო დრო მწვერვალზე ასასვლელად არის ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. შხარას ყველა მარშრუტი ძალიან რთულია, ამიტომ მასზე ასასვლელად სპეციალური აღჭურვილობა და გამოცდილებაა საჭირო.
2. საქართველოს ყველაზე დაბალი ადგილი
ეს არის ჭაობები, რომლებიც ფოთსა და სოფელ ყულევს შორის პალიასტომის ტბის მახლობლად მდებარეობს. ჭაობები ზღვის დონიდან 1,5 - 2,3 მეტრით ქვემოდ მდებარეობს.
3. ყველაზე ნესტიანი ადგილი
მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე ჩაქვსა და ქობულეთს შორის მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს.
მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელს საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.
ეს იმით არის განპირობებული, რომ შავი ზღვის ნესტიან ჰაერს აჭარის მთები „იჭერენ“ და სწორედ ისინი განსაზღვრავენ აჭარის ძალიან ნესტიან კლიმატს.
მტირალას მთაზე ულამაზესი ეროვნული პარკი მდებარეობს, სადაც მთებიდან უამრავი ჩანჩქერი ჩამოდის.
4. საქართველოს ყველაზე მშრალი ადგილი
მდინარე ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე ელდარის დაბლობი მდებარეობს. აქ ნალექის მინიმალური რაოდენობა მოდის — 250-300 მილიმეტრი წელიწადში.
ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტია. ეს ქვეყანაში ყველაზე გვალვიანი ადგილია.
5. საქართველოს უდიდესი ტბა
ფარავნის ტბა სამცხე-ჯავახეთში ზღვის დონიდან 2073 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი მოცულობა 91 კვადრატულ კილომეტრია. ფართობი — 37,5 კვადრატული კილომეტრი, მაქსიმალური სიღრმე — 3,3 მეტრი.
ფარავანი იდუმალ ტბად მიიჩნევა. ტბის ფსკერზე უცნაური კონსტრუქცია არსებობს. კვლევის შედეგად არქეოლოგებმა ტბის ფსკერზე ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი აღმოაჩინეს. ნაპოვნია სხვადასხვა ანტიკური არტეფაქტი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნით თარიღდება.
მეცნიერთა აზრით, ფარავნის მღვრიე წყლებში ბევრი საინტერესო რამ იმალება. ნაპოვნი საგნები ადასტურებენ, რომ ძველ დროში აქ მაღალი კულტურის ხალხი ცხოვრობდა.
6. საქართველოს ყველაზე დიდი წყალსაცავი
წალკის წყალსაცავი ენერგეტიკული მიზნებით ხელოვნურად შეიქმნა XX საუკუნეში, მდინარე ხრამის სწრაფი დინების წყალობით.
წყალსაცავი ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიგრძე 12 კილომეტრია, ხოლო სიგანე — 4 კილომეტრი, მაქსიმალური სიღრმე — 26 მეტრი.
წყალსაცავის ფუნქციონირებისას დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, XI საუკუნეში იყო აშენებული.
ზამთარში წყალსაცავი იყინება და წყლის დონე იკლებს. ამ დროს ეკლესია წყლიდან მოჩანს. ამჟამად ბაზილიკას მხოლოდ სამი კედელი შემორჩა, ისიც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია.
7. საქართველოს ყველაზე გრძელი მდინარე
საქართველოს ყველაზე გრძელი მდინარე — ალაზანი, მიწისქვეშა წყლების, წვიმის და თოვლის ხარჯზე იკვებება. მდინარის სიგრძე 390 კილომეტრს შეადგენს, აუზის ფართობი 11800 კვადრატული კილომეტრია.
მდინარე სათავეს იღებს დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩაურის წყალსაცავში ჩაედინება. მინგეჩაურის წყალსაცავის აგებამდე, ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
8. საქართველოს უმოკლესი მდინარე
რეპრუა — საქართველოს უმოკლესი მდინარეა, ის გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, პლაჟის ზონაში. მისი სიგრძე სულ 18 მეტრს შეადგენს და ის შავ ზღვაში ჩაედინება.
რეპრუა შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე ცივი მდინარეა: მისი მუდმივი ტემპერატურა 11 გრადუსია. რეპრუას წყლების ნაწილი პლიაჟში ჩადის და მიწისქვეშა ნაკადებით ზღვას უერთდება.
ძველი აფხაზური ლეგენდის თანახმად, რეპრუა — მიწისქვეშეთის სულთა შვილების ცრემლებია.
9. საქართველოს ყველაზე ღრმა გამოქვაბული
კრუბერის გამოქვაბული, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მიჩნეულია ყველაზე ღრმა გამოქვაბულად მსოფლიოში. ის 1960 წელს აღმოაჩინეს. მაშინ ქართველმა სპელეოლოგებმა ის 95 მეტრის სიღრმეზე გამოიკვლიეს. 2001 წელს კი ის ოფიციალურად აღიარეს როგორც ყველაზე ღრმა მსოფლიოში, მისი გამოკვლეული სიღრმე 1710 მეტრია.
2007 წელს უკრაინელმა გენადი სამოხინმა 2196 მეტრ სიღრმეს მიაღწია, რაც ოფიციალურ რეკორდად მიიჩნევა.
კრუბერის იდუმალი გამოქვაბული მიწისქვეშა ჩანჩქერებით, გვირაბებით და ჭებით ახლაც იზიდავს მკვლევარებს.
10. საქართველოს უძველესი ნაკრძალი
საქართველოში არსებული 15 დაცული ტერიტორიიდან ლაგოდეხის ნაკრძალი ყველაზე დიდი და ძველია კავკასიაში. ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს დაარსდა.
მისი საერთო ფართობი 24,258 ჰექტარს შეადგენს. საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა.
ნაკრძალის ტერიტორიაზე სამი მდინარე მიედინება: შრომისხევი, მაწიმისწყალი და ლაგოდეხისწყალი. აქ ბევრი ჩანჩქერი და მყინვარული წარმოშობის რამდენიმე მთის ტბაა.
ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა სიაშია შეტანილი.