თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისში პირველად ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award-ის (SIA) კონკურსი, რომლის გამარჯვებული სამი გუნდი გახდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ორგანიზატორებმა.
SIA — ეს არის ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა-კონკურსი, რომლის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ სოციალურ მეწარმეობას, ანუ ისეთი საკუთარი საქმის წამოწყებას, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნებოდა.
ფინალურ ეტაპზე გადავიდა შვიდი გუნდი, მათ შორის ორი გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა, ხოლო ერთი კენჭისყრით შედეგად აირჩიეს.
პირველი ადგილი პროგრამაში დაიკავა ახალგაზრდების ჯგუფმა პროექტით Sign & Sound-ი. მათ შექმნეს ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. ხელთათმანში ჩადებულია სპეციალური პროგრამა, რომელმაც ჟესტების ენა იცის. პროგრამის საშუალებით გარშემომყოფები გაიგონებენ იმას, რისი თქმაც სურს სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირს.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა მოწყობილობა Braille Reader-ი. ეს არის ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს შშმ-პირთა მიერ ბრაილის შრიფტის შესწავლას.
მესამე ადგილი დაიკავა ინოვაციურმა აპლიკაციამ Book AR-მა, რომელიც თანამედროვე სწავლების მეთოდის რადიკალურ შეცვლაზეა ორიენტირებული. მობილური აპლიკაციის დახმარებით ავტორებს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება სურთ, რათა ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით მათ სასკოლო და სხვა მასალის ათვისება ხალისით და ინტერესით შეძლონ.
"წელს პროგრამა Social Impact Award-ი პირველად ჩავატარეთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო. საერთო ჯამში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს რეგიონებშიც გავიტანოთ", — განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.
მისი თქმით, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, რადგან ყველა გამარჯვებული გუნდი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს სთავაზობს. მონაწილეების სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში ჩართვის მიზნით Social Impact Award-ი მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.
Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც მსოფლიოს 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და "ევროპის ფონდის" ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.