თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 6 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო–უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს.
უწყება საკუთარ მოქალაქეებს დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რა საბუთები უნდა იქონიონ თან, აცნობს ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტითა თუ მატარებლებით მგზავრობის ფასებს და ამასთანავე აძლევს სხვა ტიპის რჩევებსაც.
მაგალითად, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქე ქალბატონებს აფრთხილებს, რომ ჯობს თავი შეიკავონ ღამის საათებში ქუჩაში ტაქსის გაჩერებისგან, ვინაიდან არსებობს გაძარცვის საფრთხე; რომ ქალაქში მოძრავი ტაქსების მძღოლთა ნაწილი ცუდად იცნობს ქალაქს და არ იციან ყველა მარშრუტი.
რაც შეეხება მეტროპოლიტენს, საელჩო წერს, რომ მეტროთი სტადიონზე მოხვედრა საუკეთესო ალტერნატივაა, მაგრამ მისი მომსახურება შეზღუდულია.
გარდა ამისა, ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობს იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალს, რომელთა მიტანა სტადიონზე აკრძალულია და იქვე აფრთხილებს, რომ სტადიონის ტერიტორიაზე არ არსებობს ბარგის შემნახველი საკნები.
საელჩო ასევე აფრთხილებს შშმ პირებს, რომ ქალაქის ქუჩები ეტლით მოძრაობისთვის სათანადოდ არ არის მოწყობილი.
საელჩოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალის დონე თბილისში დაბალია, ხალხმრავალ ადგილებში პერიოდულად მაინც ხდება ძარცვის ფაქტები, მით უმეტეს, საღამოს საათებში. ამიტომ უწყება ბრიტანელებს მოუწოდებს, ქუჩაში სიარულისას თან არ იქონიონ დიდი თანხა.
დიპლომატიური უწყება რეკომენდაციებში წერს, რომ ტაქსის მძღოლების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალურ ძალადობას, რისი ინციდენტებიც მომხდარა.
გარდა ამისა, საელჩო მოქალაქეებს განსაკუთრებულად ამახვილებინებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ თბილისში ზებრა-გადასასვლელთან არსებულ შუქნიშანზე ანთებული წითელი ფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლი აუცილებლად შეაჩერებს მოძრაობას; რომ ავტოავარიები ქალაქში საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რაც ძირითადად მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე მოხვდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს რეკომენდაციებში, ისაა, რომ ქვეყნის დედაქალაქში არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები.