საქართველოში ღვინის კვირეული ჩატარდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღვინის მარანი
ღვინის მარანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზებას ემსახურება, გაიმართება მარნეულში, თბილისსა და თელავში

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის პერიოდში ქართული ღვინის კვირეული ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები, დეგუსტაცია, ღვინის ტურები და მრავალი სხვა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული ღვინის კვირეული, რომლის ორგანიზატორი არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, წელს მეოთხედ იმართება.

ქვევრი - Sputnik საქართველო
აღიარება: საქართველო - ღვინის სამშობლოა

ღვინის კვირეული "ქართული ღვინის ფესტივალით" ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, მარნეულში დაიწყება, სადაც წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ექსპონატები, რომლებიც საქართველოში მეღვინეობის რვა ათასწლიან უწყვეტ ტრადიციას ადასტურებს.

ფესტივალის მსვლელობისას საწნახელში დაიწურება ყურძენი, ხოლო სტუმრებს მიეცემათ ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა. აქვე გაიმართება შეჯიბრება ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

1 ოქტომბერს თბილისის №1 ღვინის ქარხანაში გაიმართება ფესტივალი-აქცია "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017". ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი და ახალი მცირე მარნები.

7 ოქტომბერს თელავში ღვინისა ფესტივალი "თელავინო" აღინიშნება. საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ როგორც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები, ასევე მცირე, საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

ვენახები ყვარელში - Sputnik საქართველო
ჯაზი და ღვინო კახეთში - ლოპოტას ტბაზე ფესტივალი ტარდება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაა გააცნობენ.

8 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული "ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის" გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის — მცირე მარნებიც.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ასოციაცია "ქართული ღვინო", საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

ყველა ახალი ამბავი
0