თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ფესტივალი Jazz and Wine Kakheti საქართველოში პირველად ტარდება — ღონისძიება 6-7 სექტემბერს კახეთში, ლოპოტას ტბაზე ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ. მათ შორის არიან — ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტის და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო.
Jazz and Wine Kakheti-ს სტუმრები ასევე იქნებიან ადამ ბენ ეზრა ისრაელიდან და იტალიური ბენდი Spaghetti Swing-ი.
ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების პარალელურად, დაგეგმილია ღვინისა და მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
„ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.