თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცნობილ კურორტ საირმეში პირველი „მწვადის ფესტივალი“ ჩატარდა.
ფესტივალზე საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები საქართველოს რესტორნების საუკეთესო შეფ-მზარეულებმა წარმოაჩინეს. მათ შორის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
„მწვადის ფესტივალი“ საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. ის ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება ხოლმე და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აქ, საირმეში მოგვეწყო ეს ღონისძიება. გვინდა, რომ ფესტივალი პოპულარული გახდეს და ყოველწლიურად ჩატარდეს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამილა მარეხაშვილმა.
ფესტივალის ჟიურიში შედიოდა ცნობილი სომეხი მზარეული სედრაქ მამულიანიც.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც მოწვევა მივიღე. ასეთი ღონისძიებები ადამიანებს, პირველ რიგში, ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვითარდება სამზარეულო და ასევე ძალიან ეფექტურია როგორც ტურისტული პროდუქტი“, — აღნიშნა მამულიანმა.
ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა: საუკეთესო გემო, საუკეთესო გაფორმება, გრან-პრი (საუკეთესო გემო და საუკეთესო გაფორმება). ჟიურის გადაწყვეტილებით, გრან-პრის მფლობელი ბარ-რესტორანი „მაისი“ გახდა.
ფესტივალს ესწრებოდნენ წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები. ხოლო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ „მწვადის ფესტივალის“ საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორები აპირებენ, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახადონ.