„აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ! არ უნდა მოვკვდე!“ – ერთი თბილისელი გოგოს ამბავი

© Sputnik / Levan Avlabreliსალომე გოგეშვილი
სალომე გოგეშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგჯერ ერთი წამი მთელ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, თავდაყირა აყენებს მოვლენებს, ფაქტებს და შემდეგ ჩვენ მოგვანდობს მის დალაგებას. მერე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ წარვმართავთ მას, როგორ გამოვიყენებთ ჩვენ შესაძლებლობებს, როგორ დავამსხვრევთ სტერეოტიპებს.

სალომე გოგეშვილი ორი შვილის დედაა. 33 წლის შემდეგ ის მეორედ დაიბადა და თავიდან დაიწყო ცხოვრება. დღეზე, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თავად მოგიყვებათ. დღეს სალომე სპორტის რამდენიმე სახეობაში ვარჯიშობს, ცეკვავს. არის პარა–მძლეოსანი, მორბენალი. არასოდეს უშინდება დაბრკოლებებს და შემართებით ეჭიდება სირთულეებს.

© Sputnik / Levan Avlabreliსალომე გოგეშვილი
სალომე გოგეშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგეშვილი

წამი, რომელიც რადიკალურად ცვლის ცხოვრებას

ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ისე, როგორც ყველა. ვმუშაობდი, ორ შვილს ვზრდიდი, ვუვლიდი ოჯახს. ყოველთვის ვცდილობდი იდეალური ვყოფილიყავი და მაქსიმუმს ვთხოვდი საკუთარ თავს. ერთ დღეს კი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა…

ერთ ჩვეულებრივ საღამოს გამოვედი სამსახურიდან, ჩავჯექი მანქანაში და შინ ვბრუნდებოდი. ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა მანქანა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შევასკდით რკინის ჯებირს. დავკარგე გონება. როცა გონზე მოვედი, უცნობი ადამიანის ხმა ჩამესმოდა. ნუ გეშინია, ნუ გეშინია… მე ბურუსში ვარ და ვფიქრობ, ღმერთო, ნეტავ სად ვარ? ან სხეულს რატომ ვერ ვგრძნობ, ან ეს ცხელი სითხე რა არის ზედ რომ მეღვრება? არანაირი ტკივილის შეგრძნება არ მქონდა. მახსოვს, თავი რომ ავწიე, ვიგრძენი ჩემს ფეხზე რაღაც სიმძიმე დაეცა. ეს იყო ჩემი ხელი… ადგილზევე დავკარგე მარჯვენა ხელი.

ვცდილობ თვალი გავახილო, მაგრამ ამაოდ, ირგვლივ ხმაურია, ყვირილი, ღრიალი. ვფიქრობ, უნდა გავიგო რა მოხდა. ვცდილობ ძალა მოვიკრიბო… ბუნდოვნად ვხედავ ადამიანებს, მაგრამ რა ხდება ვერ ვარკვევ. სისხლის გუბეში ვწევარ და ვფიქრობ, ნუთუ ეს მე ვარ?! ისევ უცნობი ხმა ჩამესმის – ნუ გეშინია, კარგად იქნები… თითქოს გადარჩენის ინსტიქტი ჩამერთო, ვიხვეწები – აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ! არა, არ უნდა მოვკვდე!.. ისევ დაბნელდა. შორიდან სასწრაფო დახმარების სირენა ისმის, თავზე დამტრიალებენ, ძალა მეცლება, ღრმა ძილისკენ მივდივარ. თავს ვერ ვერევი, უკუნეთი სიბნელეა. სისხლისგან დავიცალე, გული გაჩერდა, მყესი მთლიანად დაიკარგა. შემთხვევით ნახეს, რომ ყურთან რაღაც ფეთქავდა და იქიდან მოახერხეს სისხლი გადაესხათ. შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ ჩემი გადარჩენა იყო სასწაული, რადგან გადარჩენის შანსი მინიმალური იყო.

ეს ყველაფერი ახლაც სიზმარი მგონია, საშინელი სიზმარი. ჩემი წარსული ცხოვრების გარდაცვალებიდან და ახალი ცხოვრების დაბადებიდან ორი წელი გავიდა…

შშმ მოცეკვავემ Sputnik საქართველოს უამბო, თუ როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას ხელის დაკარგვის შემდეგ - Sputnik საქართველო
არ შეგეშინდეთ და არ დანებდეთ: როგორ დაამარცხა შშმ მოცეკვავემ ტკივილი

მეორედ დაბადება

როცა მანქანიდან ამოვყავდი მაშველებს, იმდენად დიდი იყო გადარჩენის ინსტიქტი, რომ ექიმებს ვეუბნებოდი რომელი ჯგუფის სისხლი მქონდა, რა მერქვა, რამდენი წლის ვიყავი. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მივაწოდე.

14 წლის ასაკში დავოჯახდი, მყავს ორი შვილი. მთელი ცხოვრება მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გამეკეთებინა, რაღაც დიდი მისია მქონდა შესასრულებელი, ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე ვაკეთებდი. იმ მომენტში ეს ყველაფერი ამომიტივტივდა თავში და ვფიქრობდი, მე არ უნდა მოვკვდე, რადგან ის არ გამიკეთებია, რისთვისაც დავიბადე. მერე ისევ დავკარგე გონება.

© Sputnik / Levan Avlabreliსალომე გოგეშვილი
სალომე გოგეშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგეშვილი

გონზე საავადმყოფოში მოვედი. ავამოძრავე ფეხები და მივხვდი, რომ სიარულს შევძლებდი. თუმცა ექიმები ისე დადიოდნენ, ჩურჩულებდნენ, რომ მივხვდი, რაღაც ისე არ იყო. მარჯვენა ხელი შეხვეული მქონდა და საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ექიმს ვკითხე, ხელი დავკარგე–მეთქი? კიო, მიპასუხა. შოკურ მდგომარეობაში ჩავვარდი. მომენტალურად დავიწყე ტირილი. გამიკეთეს დამამშვიდებელი. როცა გონზე მოვედი, პალატაში გადმომიყვანეს. მეგონა, რომ ასეთი აღარავის ვეყვარებოდი, აღარავის დავჭირდებოდი და ყველასთვის ზედმეტი ტვირთი ვიქნებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. იმ წუთებში ჩემ გვერდზე ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ფაქტიურად ის ჩემი მარჯვენა ხელია. შემომხედა და მითხრა – „ყველაფერი კარგად არის, მთავარია, რომ შენ ისევ ჩვენთან ხარ“. ამ სიტყვების შემდეგ დიდი ძალა მომეცა.

გაუსაძლისი ტკივილი

როცა სახლში გამომწერეს, ექიმს ვთხოვე მორფი მოეხსნა, რათა ჩემ პრობლემებს ფხიზელი, საღი გონებით შევჭიდებოდი. სახლში რომ მოვედი, პირველ დღეს მახსოვს არანორმალური ტკივილი. ჯერ კიდევ არ იყო შეხორცების პროცესი დასრულებული. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი. მინდოდა ფანჯრიდან გადავმხტარიყავი, ან წამლები დამელია, ვენები გადამეჭრა. მთელი ღამე მყარაულობდნენ მეგობრები, ნათესავები, რომ თავისთვის არაფერი ამეტეხა. ეს ტკივილები რამდენიმე დღე გაგრძელდა. ნელ-ნელა დავმშვიდდი. უზომოდ მინდოდა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავბრუნებოდი, მელოდებოდნენ შვილები, მეგობრები, თანამშრომლები…

© Sputnik / Levan Avlabreliსალომე გოგეშვილი
სალომე გოგეშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგეშვილი

საკუთარ თავთან პირისპირ

ყველაზე რთული და მძიმე წუთები მაშინ დადგა, როცა საკუთარ თავთან და „ნაკლთან“ მარტო დავრჩი. აღარც სამსახური, აღარც ხელი, აღარც სტიმული… დავრჩი ასე ცარიელი. ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო, მაგრამ არ ვიცოდი – როგორ. მოვიკრიბე ძალა და ვთქვი, მე უნდა დავუბრუნდე ჩვეულ რიტმს, ჩვეულ ცხოვრებას. წავედი სალონში, მოვწესრიგდი, დავივარცხნე თმა, ვცდილობდი ხალისიანი ვყოფილიყავი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყოველთვის ვერიდებოდი სარკის წინ დადგომას. მეშინოდა ჩემი შიშველი სხეულის დანახვის. ავარიიდან ორი კვირა იყო გასული, როცა პირველად შევედი აბაზანაში დამოუკიდებლად. მაშინ ნაკერებიც არ მქონდა მოხსნილი. გავიხადე ტანზე და დავდექი სარკის წინ. შევხედე ჩემ ხელს და გულამოსკვნით ავტირდი. ვეკითხებოდი ჩემ თავს, რატომ უნდა მომსვლოდა ეს, რის გამო უნდა დამმართნოდა ასეთი საშინელება?! როცა ტირილით გული ვიჯერე, მოვიკრიბე ძალა და ჩემს ქვეცნობიერს ვუთხარი, რომ ჩემი თავი უნდა შემყვარებოდა ისეთი, როგორიც არის. თუმცა ეს ჩემთვის იმ მომენტში წარმოუდგენელი იყო. თითქოს ვცდილობდი გარეთ გასვლას, ადამიანებთან ურთიერთობას, თუმცა ვცდილობდი გარეთ ღამით გავსულიყავი, რომ არავის დაენახა ჩემი „ნაკლი“. იყო პერიოდი, როცა ავიჩემე, რომ პროთეზი გამეკეთებინა, თუმცა ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი თავი უნდა მიმეღო ისეთი, როგორიც არის. მინდოდა კვლავ მეგრძნო თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად. დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ერთ-ერთ კომპანიაში პირდაპირ მითხრეს, რომ ამ ვიზუალით მათთვის სასურველი კანდიდატი ვერ ვიქნებოდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს თავიდან დავკარგე ხელი, მასთან ერთად კი გულიც. დაიწყო საშინელი დღეები, დეპრესია. ჩავწექი ლოგინში, ჩამოვაფარე შავი ფარდა. ორი კვირის გამავლობაში საწოლიდან არ ავმდგარვარ. მხოლოდ ვწერდი ჩანაწერებს ჩემ ტკივილზე, დარდზე, პრობლემებზე. ერთ დღესაც მომინდა ფანჯარასთან მივსულიყავი. ფრთხილად გადავწიე ფარდა და სასიამოვნო სიგრილე ვიგრძენი სახეზე. ამის მერე ფართოდ გადავწიე ფარდა, სინათლე სახეზე დამეცა, გარეთ ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი ისმოდა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემში გარდატეხა. ვიგრძენი რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე, თუნდაც მარჯვენა ხელის გარეშე…

© Sputnik / Levan Avlabreliსალომე გოგეშვილი
სალომე გოგეშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგეშვილი

ახალი ცხოვრება…

დროთა განმავლობაში მივეჩვიე სირთულეების გადალახვას. სწორედ იმას ვეჭიდები, რაშიც სირთულეს ვხედავ, თითქოს ჩემს თავს ვცდი. დღეს უკვე ჩემთვის დაბრკოლება აღარ არსებობს, ვიცი, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავ.

ერთ დღესაც მივედი პარა-ცენტრში. დავიწყე ვარჯიში. სწორედ მაშინ გავიხადე პირველად გრძელმკლავიანი მაისური და გამოჩნდა ჩემი ხელი… დღემდე აქტიურად ვვარჯიშობ და ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამ ზაფხულს მწერს ჩვენი ქორეოგრაფი ქეთი და მეკითხება, „სალომე, „ნიჭიერში“ მიიღებ მონაწილეობას?“ ცოტა დავიბენი, რადგან არ ვარ პროფესიონალი მოცეკვავე. ვიფიქრე, რომ თავს ვერ გავართმევდი. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვუშინდები გამოწვევებს და ხშირად ვეჭიდები სირთულეებს, ამიტომ დავთანხმდი. სამ არაჩვეულებრივ გოგონასთან ერთად ვცეკვავ, ვვარჯიშობთ ინტენსიურად და აქტიურად, ვნახოთ, რა შედეგი გვექნება.

© Sputnik / Levan Avlabreliსალომე გოგეშვილი
სალომე გოგეშვილი - Sputnik საქართველო
სალომე გოგეშვილი

რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში?

ამ შემთხვევამ ყველაზე ძლიერი გამხადა, დამანახა ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი და ვერ ვაკეთებდი, ჭუპრიდან პეპელა გამოფრინდა, ცალი ფრთა მოტეხილი აქვს, მაგრამ უზომოდ მადლიერია შემოქმედის იმისთვის, რომ შესაძლებლობა აქვს სიცოცხლით დატკბეს, უყვარდეს ყველა და ყველაფერი, ცუდში კარგი აღმოაჩინოს, ბოროტება სიკეთით ჩაანაცვლოს და თავისი მაგალითით სხვებს დაანახოს, რომ შეუძლებელი არაფერია!..

ყველა ახალი ამბავი
0