შშმ მოცეკვავემ „Sputnik–საქართველოს“ უამბო, თუ როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას ხელის დაკარგვის შემდეგ.
სალომე გოგეშვილმა ავტოავარიის შედეგად სერიოზული ტრავმა მიიღო – მან მარჯვენა ხელი დაკარგა. ამის შემდეგ სალომეს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დეპრესია, რომლიდან გამოსვლაც შშმ პირების სავარჯიშო და საცეკვაო ცენტრში რეგულარული ვარჯიშით მოახერხა.
"თავიდან იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ არ გამოვდიოდი სახლიდან. მეგობრები ჩემ დახმარებას ცდილობდნენ, რომ ცხოვრებას დავბრუნებოდი და ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. მაგრამ მაინც ვცდილობდი გარეთ ღამით გავსულიყავი, ან მანქანა პირდაპირ სადარბაზოსთან მაკითხავდა. ვცდილობდი რამით დამეფარა, არავის რომ არ დაენახა ჩემი სიმახინჯე, როგორც მაშინ ვფიქრობდი. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ პარა-ცენტრში არ მოვედი და ვარჯიში არ დავიწყე. მაშინ პირველად გამოვაჩინე ხელი", — გვიამბო სალომე გოგეშვილმა.
სალომემ მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ადამიანს ურჩია, არ შეეშინდეთ და არ დანებდნენ. "არ ჩაიკეტოთ სახლში არავითარ შემთხვევაში. თქვენ არ გაქვთ არავითარი ნაკლი. იყავით ამაყები და დატკბით ცხოვრებით!" — თქვა მოცეკვავემ.