საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომეხ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

© FB / Parliament of Georgiaირაკლი კობახიძე და არა ბაბლოიანი
ირაკლი კობახიძე და არა ბაბლოიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის დელეგაცია ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის არა ბაბლოიანის ხელმძღვანელობით.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან არა ბაბლოიანთან, ნათქვამია ქვეყნის საკონონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

მიხეილ ჯანელიძე და ედვარდ ნალბანდიანი - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძემ სომხეთში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კობახიძემ სომეხ კოლეგას ბორჯომის ხეობაში 2017 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორული და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარება.

„დღეს ჩვენ საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ, თუმცა ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ამ ისტორიული თარიღის გათვალისწინებით თქვენ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ძალზე დინამიურად ვითარდება და უფრო მეტად პროდუქტიული ხდება", — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას ცდილობს, რაც 2016 წელს პარლამენტის მიერ მიღებულ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ რეზოლუციაშია ასახული.

„ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, ძალზე ვაფასებთ საქართველოსა და სომხეთს შორის კავშირს. საპარლამენტო კავშირების გაძლიერების გზით ჩვენ წვლილს შევიტანთ ამ კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ორი ქვეყნის პარლამენტებში ჩამოყალიბებულ მეგობრობის ჯგუფებს", — აღნიშნა კობახიძემ.

ქართულმა მხარემ სომეხ კოლეგებს ქვეყანაში განხორციელებული ის რეფორმები გააცნო, რომელთა ძირითად მიზანს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ურთიერთნდობას ემყარება.

„ბოლო წლებში ორივე ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობებში აქტიურობა შეინიშნება. ჩვენ გვაქვს საშუალება ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროებში. ჩვენ შეგვიძლია ქართულ-სომხურ ურთიერთობებს ახალი სტიმული მივცეთ და ვითანამშრომლოთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად", — განაცხადა ბაბლოიანმა.

მიხეილ გიორგაძე და არმენ ამირიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს კულტურის მინისტრმა სომხეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია ბაბლოიანის ხელმძღვანელობით შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის დახმარებას, რა დროსაც 100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა, საქართველოს დასახმარებლად სომხეთმა 65 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული ტექნიკა გამოგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0