თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ერევანში ვიზიტის ფარგლებში სომეხ კოლეგასთან, ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრა გამართა და სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მინისტრებმა შეაფასეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და აღნიშნეს სექტემბერში საქართველოში სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის დაგეგმილი ვიზიტი.
ჯანელიძემ და ნალბანდიანმა ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
ამ მხრივ, აღინიშნაივნისში გამართული სომხურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად იქცა.
პოლიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რაც გამოიხატება საქართველოსა და სომხეთში საზაფხულო ბანაკებში ქართველი და სომეხი ახალგაზრდების სტუმრობით.
ჯანელიძემ და ნალბანდიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები მსოფლიოში რეგიონალურ და გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. "საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
2016 წელს ქვეყნებს შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ 367,4 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს საქართველომ სომხეთს მიაწოდა ავტომობილები, ეთილის სპირტი, სასუქი, ელექტროენერგია, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები და სხვა პროდუქცია.