სომხეთმა საქართველოში ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

© FB / Ministry of Defence of Georgiaსწავლების Agile Spirit 2017 გახსნა
სწავლების Agile Spirit 2017 გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხურმა მხარემ საქართველო-ნატოს წვრთნებში Agile Spirit მონაწილეობაზე უარი მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სომხეთმა საქართველო-ნატოს მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2017 მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა. წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველო-ნატოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017 ("ლაღი სული 2017") 3 სექტემბერს გაიხსნა და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება. მისი მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივი ოპერაციებისთვის ან კრიზისებზე რეაგირებისთვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

გიორგი მარგველაშვილი Agile Spirit 2017-ის გახსნაზე - Sputnik საქართველო
სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017-ი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი კაჭარავამ განაცხადა, რომ სომხეთი თავდაპირველად წვრთნებში მონაწილეობას გეგმავდა, მაგრამ სწავლების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უარი განაცხადა. თუ რა მიზეზით მოხდა ეს, მისთვის უცნობია.

მისი თქმით, სომხეთის წარმომადგენლების უარი წვრთნების მიმდინარეობაზე არსებითად არ ასახულა.

"სომხეთიდან მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ სამ ადამიანს — სამედიცინო პერსონალს, ამიტომ ეს ვითარება სწავლებაზე მნიშვნელოვნად არ ასახულა", — განაცხადა კაჭარავამ.

Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ორგანიზებით იმართება. წვრთნები სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მათი სცენარი შეტევა-თავდაცვითი და სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების ჩატარებას ითვალისწინებს.

სწავლება ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ბოლოს ის 2016 წლის სექტემბერში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0