თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველასვილმა ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017-ი გახსნა.
საქართველო-ნატოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017 („ლაღი სული2017") 3-11 სექტემბერს ჩატარდება. მისი მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.
„Agile Spirit — ლაღ სულს ნიშნავს და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ლაღად განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ლაღად განვითარდეს, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები მშვიდობიანად ვითარდებოდეს, დღეს თქვენი ერთად დგომა, თქვენი კოორდინაცია, თქვენი სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია", — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სწავლების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილე ქვეყნებს, საქართველოს პარტნიორებსა და სწავლების ორგანიზატორებს.
„დღეს ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს საქართველოში იხვეწება თქვენი უნარ-ჩვევები. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ, რომ საქართველო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ მივესალმები წვრთნას, რომელიც უკვე ტრადიციულია", — განაცხადა მარგველაშვილმა.
წვრთნებში მონაწილეობას იღებს აშშ-ის საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკა — M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV და მსუბუქი ტექნიკა.
Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ორგანიზებით იმართება. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მათი სცენარი შეტევა-თავდაცვითი და სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების ჩატარებას ითვალისწინებს.
სწავლება ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ბოლოს ის 2016 წლის სექტემბერში გაიმართა