თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კახეთში მევენახეების შემოსავალმა ყურძნის რეალიზებიდან 91,7 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროში დაიწყო აგვისტოს ბოლოს. ეტაპობრივად პროცესში სხვა რაიონებიც ჩაერთო.
სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად ქარხნებმა 80,3 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს.
ამ დროისთვის გადამუშავებულია 37 ათასი ტონა რქაწითელი, 37,7 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძენს 2017 წელს 100–ზე მეტი კომპანია იბარებს.
ყურძნის ჩაბარების მხრივ ლიდერობს ყვარლის რაიონი. იქ ფერმერებმა უკვე ჩააბარეს 27,3 ათასი ტონა – მთელი ჩაბარებული ყურძნის 26%.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წელს კახელ ფერმერებს სუბსიდიას არ გამოუყოფს, როგორც ეს გასულ წლებში იყო, და ეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე დიდი მოთხოვნილებით ახსნა.
თუმცა, ის ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს 0,70 ლარად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.
ამავე დროს მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება „ალექსანდროულისა" და „მუჯარეთულის" სახეობების (ამ ყურძნის ჯიშებისგან მზადდება „ხვანჭკარა") შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.