ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მრევლი თაყვანს სცემს

გამოწერა
კათალიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წმინდა ნაწილები აღმოაჩინა და საქართველოში ჩამოიტანა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს — იქ, სადაც ყველა მორწმუნეს მისი თაყვანისცემა შეეძლება, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 23 სექტემბერს ექვსი თვით ჩამოიტანეს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვა აღავლინა და მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა.

„ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ასეთი მორწმუნე. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, როგორ შეიძლება მორწმუნე არ იყოს. დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი, მისი უდიდებულესობა ქეთევანი", — ბრძანა ილია მეორემ.

ანთებული სანთელი წირვაზე - Sputnik საქართველო
24 სექტემბერი - 300 არაგველის ხსენების დღეა

ორშაბათს, 25 სექტემბერს, სიწმინდეს ალავერდის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, რათა 26 სექტემბერს, ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა ილოცონ და წმინდა ნაწილებს თაყვანი სცენ.

ამის შემდეგ, პატრიარქის თქმით, წმინდა ნაწილები სხვა ტაძრებსაც მოივლის.

საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობასა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ყველა ახალი ამბავი
0