თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 28-29 ნოემბერს გაიმართება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელზეც პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაქციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გარღმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
წინასწარი შეფასებით, ღონისძიებას დაესწრება 1000-მდე დელეგატი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ხორცილედება, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ფორუმი ფოკუსირებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი, ნათქვამია განცხადებაში.
ფორუმის პირველ დღეს, 28 ნოემბერს რამდენიმე სექტორის მიხედვით სადისკუსიო პანელი გაიმართება, ხოლო 29 ნოემბერს იგეგმება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის განხილვა და კერძო და საჯარო სექტორების პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრები.
სადისკუსიო პანელების მოდერატორები გახდებიან მსოფლიო მედიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან: „დოიჩე ველეს" პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი, „როიტერის" მთავარი რედაქტორი აქსელ თრელფოლი, „ბლუმბერგის მედია ჯგუფის" გლობალური დირექტორი ტოდ ბაიერი და სხვ.
პირველმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა", რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.
აბრეშუმის გზა, რომელიც უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებს დაუკავშირებს, აზიისა და აფრიკის მეგობრობას გაამყარებს.
საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიოროტეტს წარმოადგენს. ამასტან დაკავშირებით, ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იქმნება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის ავტომაგისტრალი "აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო მონაკვეთი ბაქო-თბილისი — ყარსი და ანაკლიის პორტი.